დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"ოცნების" დეპუტატების ნაწილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ითხოვს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.

შესაბამისი განცხადება დღეს მათ პარლამენტში გააკეთეს.

ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებს: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

"ამ ინიციატივით დროებით უნდა შეჩერდეს უვადოდ მოსამართლეების დანიშვნა და პარალელურად უნდა დავიწყოთ მუშაობა ორგანულ კანონში ცვლილებებზე, რომლითაც ამ ღიად დარჩენილი საკითხების სამართლებრივი გადაწყვეტა უნდა მოხდეს. ანუ სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას, მათ, ვინც პირველად არ ინიშნება, გაუვიდათ გამოსაცდელი ვადა და საჭიროა მათ მიმართ მიღებული იყოს კანონით დადგენილი გადაწყვეტილებები. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს, უვადოდ მოსამართლეების გამწესება სრულად არ მოხდეს. ამ ეტაპზე ჩვენ კოლეგებს ამ ინიციატივას ვთავაზობთ და იმედია გვაქვს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, როგორც ამის თაობაზე გვქონდა საუბარი", - ამბობს ეკა ბესელია.

საკანონმდებლო ინიციატივა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს. ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამის შესაძლებლობას საქართველოს ახალი კონსტიტუცია იძლევა.

დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვთ. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია ეს საკითხი გახდეს გამაერთიანებელი.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამომდინარე იმ შეხვედრებიდან, იმ სულისკვეთებიდან, განწყობებიდან, რაც ამ საკითხის ირგვლივ იყო, რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში გავა. ამ საკითხის ირგვლივ არ დასმულა კითხვის ნიშანი, რომ არ არის მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ვენ ვიწყებთ ამ პროცესს. გამოჩნდება სადამდე მივდივართ ჩვენ, ვართ თუ არა პრინციპების და იმ დეკლარირებული პოლიტიკის ერთგულები, რომ გვჭირდება ახალი სისხლის სასამართლოში, იუსტიციის სკოლის რეფორმა, ვითვალისწინებთ პარტნიორების რჩევებს და კონსტიტუციაში ჩანაწერი არ არის მხოლოდ ჩანაწერი და ეს არის მანიფესტი ჩვენი პოლიტიკის. ჩვენ ვთქვით, რომ რაღაც საკითხებში ვშორდებით, რაღაც საკითხებში ვერთდებით. შესაძლებელია, ეს საკითხი იყოს გამაერთიანებელი", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებდნენ. გუშინ, 6 თებერვალს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეს აიღებს, გედევან ფოფხაძე კი 5 თებერვალსაც არ გამორიცხავდა წასვლას და ამბობდა, რომ "აქ საუბარია არა უმრავლესობის დატოვებაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". ლევან გოგიჩაიშვილმა კი თქვა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ მაშინ გაახმოვანებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების სხვა წევრებმა კი "ამბოხებული დეპუტატები" გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა "გარეთ გამოიტანეს".

აღსანიშნავია ისიც, რომ 5 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".

კომენტარები