საბანკო რეგულაციები

ბაქრაძე სესხების გამკაცრებაზე: შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, გაიზრდება უმუშევრობა

"შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, დაზიანდება საბანკო და სამშენებლო სექტორი, გაიზრდება უმუშევართა რიცხვი და დაზარალდება ხალხი, რომელიც კრედიტით და განვადებით პირობების გაუმჯობესებას ვეღარ მოახერხებს," - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საბანკო რეგულაციების გამკაცრების შესახებ საუბრობს. ბაქრაძის თქმით, ოცნებამ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად მიმართა ისეთ გზას, რომელიც ბევრ სხვა მიმართულებას აზიანებს.

"ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების ტიპური მოქმედება, როდესაც ვითომ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად იღებენ, ისეთ პოლიტიკას, რომელიც აზიანებს ბევრ სხვა მიმართულებას, ამ საბანკო რეგულაციებით ვითომ უნდა შეემცირებინათ სიღარიბე, სინამდვილეში მივიღებთ იმას, რომ შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, დაზიანდება ყველა მოქმედი მაღაზია, რომელიც მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვაზე. დაზიანდება სამშენებლო და საბანკო სექტორი,რომლის დაკრედიტირების კოეფიცინეტი დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული და რაც ყველაზე მეტად მთავარია, დაზიანდება ხალხი, რადგან ბევრ ოჯახს აღარ ექნება საშუალება განვადებით იყიდოს, თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ახლად შექმნილ ოჯახებს ვეღარ ექნებათ კრედიტით და განვადებით პატარა ბინის და ცალკე ცხოვრების საშუალება. ადამიანები დარჩებიან უმუშევრები, რადგან ორგანიზაციები თანხის დასაზოგად, პირველ რიგში თანამშრომლებს შეამცირებენ," - ამბობს ბაქრაძე.

ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმება. რეგულირების მიხედვით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი (სესხი, თავდებობა).

კომენტარები