ბატიაშვილი კერზაიას საქმეზე: ჩვენი ფუნქცია ანონიმური წერილის ავტორის გადამოწმება არ არის

პარლამენტი

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა. მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, შეეცადა თუ არა დაედგინა, მართლა არსებობდა თუ არა ლავრენტი ქირია. "თუ პირდაპირ თქვენმა თანამშრომელმა ან რომელიმე სხვა უწყების თანამშრომელმა დაწერა ეს ანონიმური წერილი?" - მიმართა კაპანაძემ მიხეილ ბატიაშვილს.  

"ლავრენტი ქირია არ ვიცით, არ არის ეს ვალდებულება" - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში და აღნიშნა, რომ "ათასი წერილი რომ მოვიდეს, ათასივეს უნდა ვუპასუხოთ". მისი თქმით, საკმარისია, რომ წერილზე სახელი და გვარი აწერია.

"...ჩვენ სანამ ამის იდენტიფიცირებას მოვახდენთ, შეიძლება გავიდეს ძალიან დიდი ხანი და შეიძლება ამ სახელის და გვარის ადამიანი იყოს ძალიან ბევრი, როდესაც ლაპარაკია დარღვევებზე, ჩვენი მოვალეობაა, განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება. ეს პერსონა არსებობდა თუ არა... წერილი როდესაც შემოდის, ჩვენი ფუნქცია პერსონის გადამოწმება კი არ არის, ფაქტის გადამოწმებაა... შეიძლება, წერილი შემოვიდეს ელექტრონულად, მეილი ეწეროს, რომელიც შეიძლება იყოს საერთოდ ისა... ჩვენი მოვალეობაა, როცა საუბარია დარღვევებზე [გადავამოწმოთ]... როგორ წარმოგიდგენიათ, ახსნა-განმარტებები რომ დამეწყო, 2-3 კვირა მომენდომებინა ვიღაცის იდენტიფიკაციისთვის და მეთქვა, რომ ვაბშე არ ვაპირებ იდენტიფიკაციას იმ პრობლემის, იმიტომ, რომ შეიძლება სამწუხაროდ, ვერ მივაგენი იმ ადამიანს" - ამბობს მინისტრი.

მიხეილ ბატიაშვილის მტკიცებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში წერილში მითითებული ყველა ფაქტი დადასტურდა. 

"მოხარულები ვართ, რომ ეს დარღვევები გამოასწორეს. როდესაც შემოდის საუბარი დარღვევებზე, უნდა მოხდეს რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, თქვენ უნდა მოუწოდებდეთ ხელისუფლებას, რომ "დარღვევებზე ინფორმაციაზე უნდა იყოთ სწრაფები, უნდა რეაგირებდეთ სწრაფად" - თქვა მინისტრმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

თავად ია კერზაია facebook-ზე წერდა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 

კომენტარები