ე.წ. ციანიდის საქმე

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან მისი ოჯახის აქცია გრძელდება.

"როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა ეს არის სამარცხვინო და სამწუხარო. სამწუხაროა საქართველოს საპატრიარქოს ქმედება. ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ ზიარებას, რადგანაც ელემენტარული განცხადება გააკეთეს და ეს განცხადება ნიშნავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. მუქარის შემცველი სიტყვებიც ამოვიკითხე მე ამ განცხადებაში. როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს პროკურატურა თხოვდა ჩემ ძმას რომ ეღიარებინა ეს დანაშაული და დაებრალებინა მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე ვითომდა ეს ორი ადამიანი არის დამკვეთი. ამის შემდეგ გამოდის ახლა მეუფე იაკობი და იგივეს ითხოვს. ითხოვს აბსურდულ აღიარებას", - უთხრა თორნიკე მამალაძემ რუსთავი 2-ს.

ბრალდებულის ადვოკატების თქმით კი, მას შემდეგ, რაც საპატრიარქოდან რეაგირება ოჯახის მოთხოვნას არ მოჰყვა, ისინი უკვე დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე მივიდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია.

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით კარვების დადგმას 6 თებერვალს გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ ეს "ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა". ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია გიორგი მამალაძის ზიარება, თუმცა, ეს სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები