კრიმინალი

რატომ ვერ მიიღო ფსიქიკური დახმარება მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ცენტრში თავად მივიდა

29 წლის მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რომ გუშინ, 9 თებერვალს შენიშნეს, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო.

მედიისთვის მიცემული კომენტარებიდან ირკვევა, რომ 29 წლის კაცი თავდაპირველად თანახმა იყო სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ. მან ექიმს მიმართა როგორც რუსთავში, ასევე თბილისში.

თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებასაც. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩვენების დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აუცილებელი არ არის.

29 წლის მამაკაცის მეგობარი, ლაშა ჟორჟოლიანი მედიასთან ამბობს, რუსთავის კლინიკაში გადაყვანის დროს კაცი "ცოტა არაადეკვატური იყო", ხოლო დაახლოების 20 წუთის შემდეგ, როცა ცენტრში დაბრუნდნენ, რათა ის თბილისში გადაეყვანათ, "უკვე ადეკვატური იყო".

უცნობია რა დახმარება გაუწიეს პაციენტს რუსთავში და ჰქონდა თუ არა მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც ექიმებს სტაციონარში მოთავსების გადაწყვეტილება მისი სურვილისგან დამოუკიდებლად უნდა მიეღო. ტაბულა ამ კითხვებით ცენტრთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა რუსთავში, მითითებულ ნომერზე ამ დრომდე არ პასუხობენ.

როგორც ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, მათ მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს. დავით ქებულაძის თქმით, თავდაპირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც პაციენტი "წესიერად არც შეამოწმეს, რაღაცა გამოელაპარაკნენ". მისივე თქმით, შენობაში შეიყვანეს მამაკაცის ცოლიც. ქებულაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებს "გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცას დასდევს", თუმცა იქ უთხრეს, რომ ადგილები არ არის. 

ამის შემდეგ, როგორ 29 წლის მამაკაცის მეგობარი ყვება, იქვე გვერდით შევიდნენ, რადგან "ორივე ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც". ქებულაძის თქმით, კლინიკის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ მეგობარს "შველა სჭირდება", თუმცა იქ მკურნალობის საფასურის, 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოითხოვეს, რის გამოც მეგობრებმა კაცი რუსთავში წამოიყვანეს.

ტაბულა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. ცენტრი ქავთარაძის ქუჩაზეა განთავსებული და ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ კლინიკებს აერთიანებს. მიუხედავად მამაკაცის მეგობრების მტკიცებისა, რომ ჯერ ფსიქიატრიულს მიმართეს და შემდეგ ნარკოლოგიურს, ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ის მხოლოდ ნარკოლოგიურში იმყოფებოდა.

​ლაშა კილაძის თქმით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში მამაკაცი გუშინ, 9 თებერვალს, დაახლოებით 21:45 საათზე შეიყვანეს, თუმცა მორიგე მედპერსონალთან ურთიერთობის შემდეგ მან ნებაყოფლობით მკურნალობაზე უარი თქვა. ტაბულა დაინტერესდა რა მიზეზით თქვა მკურნალობაზე უარი პაციენტმა, რომელიც კლინიკაში თავად მივიდა. ცენტრის დირექტორის თქმით, ის ამბობდა, რომ მკურნალობა არ სჭირდებოდა და თანმხლები პირების მისამართით ამბობდა "მე კი არა, მაგათ სჭირდებათ მკურნალობაო". ლაშა კილაძეს ასევე ვკითხეთ, იყო თუ არა იმის ნიშნები, რომ მამაკაცი კლინიკაში ძალის გამოყენებით მიიყვანეს, რაზეც მან გვიპასუხა:

"მორგე ექიმი როგორც ამბობს, რომ შემოიყვანეს, ხელით ეჭირათო თუ რაღაც ასეთი მსგავსი თემა იყო. ძალადობით, ახლა, გაკოჭილი არ იყო ნამდვილად, მაგრამ ორივე მხრიდან ხელით ეჭირათო".

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მამაკაცი ექიმმა გასინჯა, თუმცა მას "ფსიქოზი ან განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა" არ ჰქონდა. კილაძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, რადგან მისი თანმხლები პირები ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობდნენ, ექიმმა ურჩია მიემართათ ფსიქიატრიული დახმარებისთვის.

"ობიექტური გასინჯვის საფუძველზე მორიგე ექიმს რა ჰქონდა სურათი, რომ აქ იყო ფსიქოზი ან განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა. სავარაუდოდ, შეხედა, რომ პაციენტი იყო არამწვავე და ფსიქიკური აღგზნება არ იყო გამოვლენილი, მაგრამ თანმხლები პირების ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, ვინაიდან ისინი ამბობდნენ, რომ ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ურჩია რომ მიემართა ფსიქიატრიული დახმარებისთვის", - ამბობს კილაძე.

ტაბულამ მას ასევე ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა ცენტრი რამდენად მიმართა მამაკაცმა ფსიქიატრიულ განყოფილებას, რომელიც მასვე ექვემდებარება და რატომ არ გადაიყვანეს პაციენტი აღნიშნულ განყოფილებაში პირდაპირ ნარკოლოგიურიდან. ლაშა კილაძე ამბობს, რომ მოქალაქე ადეკვატური იყო, ფსიქიკური აშლილობის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა და შესაბამისად, ჩათვალეს, რომ არანებაყოფლობითი სტაციონირება საჭირო არ იყო.

"არანებაყოფლობით ხდება მაშინ, როცა მოცემულ მომენტში მდგომარეობა შეფასებული იქნება, როგორც სოციალურად საშიში", - განმარტავს ის.

ამასთან, ლაშა კილაძის ინფორმაციით, მამაკაცის ახლობლები მანამდე ფსიქიატრიულ განყოფილებაში არ ყოფილან და ამის შესახებ არც ნარკოლოგიურის მორიგე ექიმისთვის უთქვამთ.

"ფსიქიატრიული განყოფილებისთვის ამ ადამიანს არ მიუმართავს. შეიძლება რომელიმე სხვა კლინიკას მიმართა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან მიმართა ფსიქიატრიულ განყოფილებას, არ გვაქვს. გუშინ დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი იქნა სტაციონირებული, შესაბამისად, თუ საჭირო იქნებოდა, ადგილების არ ქონის გამო, თუ ჩაითვლებოდა, რომ შესაბამისი კრიტერიუმის პაციენტია, რა თქმა უნდა, უარს არ ეტყოდნენ", - ამბობს ცენტრის დირექტორი.

ლაშა კილაძე ეხმაურება მამაკაცის მეგობრების განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ ნარკოლოგიურში მისი არ დატოვების მიზეზი წინასწარ 3000 ათასი ლარის გადახდის მოთხოვნა იყო. ცენტრის დირექტორის თქმით, ეს არალოგიკურია, რადგან როცა პაციენტი უარს აცხადებს სტაციონარში მკურნალობაზე, ნებისმიერი მკურნალობა უკვე გამორიცხულია, მათ შორის ფასიანიც, ამიტომ თანხას ვერ მოითხოვდნენ.

რაც შეეხება ზოგადად ნარკოლოგიურში მკურნალობის საფასურს, კილაძე ამბობს, რომ არის სახელმწიფოსგან დაფინანსების შესაძლებლობაც, ხოლო ფასიანი დამოკიდებულია კლინიკაში გასატარებელი დღეების რაოდენობაზე და 2400 ლარიდან იწყება.

ტაბულა ასევე დაინტერესდა არის თუ არა ადგილები ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ლაშა კილაძე ამბობს, რომ სულ 95 ადამიანის მიღება შეუძლიათ და ამჟამად თავისუფალია 1 ადგილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყებაში ამბობენ, რომ მამაკაცი გაურკვეველი ნარკოლოგიური ნივთიერების, სავარაუდოდ, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო.

"ექიმმა-ნარკოლოგმა შეაფასა მდგომარეობა, პაციენტი იმყოფებოდა გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ. ახლობლების თქმით, ის პერიოდულად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს. ნარკოლოგის თქმით, პაციენტს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, თუმცა მისი თანმხლები პირების მონაყოლიდან გამომდინარე, პაციენტს შესთავაზეს სტაციონარული მკურნალობა დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის მიზნით, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. პაციენტს და მის თანმხლებ პირებს განემარტათ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკებში. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის აღნიშნულ პირებს არ მიუმართავთ", - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

13 წლის ბიჭი რუსთავში დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის მოკლეს. ბრალდებული მისი ბიძაა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური გაიგონეს და ნახეს, რომ ბავშვის ბაბუა, ბრალდებულის მამა შველას ითხოვდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციას კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა, რომელიც გაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. თავად ბრალდებულმა გაქცევა ფანჯრიდან გადახტომით სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დაიჭირეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ როცა ფანჯარასთან მოვიდა, თავადვე თქვა ბავშვი მოვკალიო და ამ დროს "ვერავის ცნობდა და ვიღაცებს ეძებდა".

-----

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და არსებულ დაწესებულებებში ადგილების სიმცირეზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.

კომენტარები