საპენსიო რეფორმა

ევროპული საქართველო დაგროვებითი პენსიის რეფორმის შეჩერებას ითხოვს

ევროპული საქართველო დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს. პარტია მიმართავს პარლამენტს ინიციატივით, მათი ალტერნატიული მოდელის განხილვამდე, ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი პენსიის რეფორმა შეჩერდეს. ევროპული საქართველოს მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

"ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს. არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას ქართული ოცნების სქემა აკეთებს.ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა. " - თქვეს დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

პარტიის წევრების თქმით, საპენსიო რეფორმას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, აჩვენებს, რომ აქვს სერიოზული ხარვეზები და პრობლემები

"ეს არ არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას, მაშინ, როდესაც ეს პენსიები იქნება გაცემული რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. საპენსიო საბჭო შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მიიღოს ძალიან მაღალი ხელფასი," - ამბობს სერგი კაპანაძე.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ახალი საპენსიო სქემის ამოქმედებასთან ერთად, დაზარალდა ბიზნესი და ადამიანები.

"ხალხს ვერ შეუსრულეს დანაპირები, მაგრამ სამაგიეროდ გაზარდეს ბიუროკრატია. ჩვენ უკვე გვყავს ახალი ჩინოვნიკები - ჩვენ გვყავს საპენსიო სააგენტოს ახალი დირქტორი," - ამბობს ნადირაშვილი.

მთავრობის რეფორმის მიხედვით, საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელს ზემოთ ადამიანებს აქვთ არჩევანის საშუალება, გაწევრიანდნენ თუ არა ამ სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, ვალდებულები არიან ჩაერთონ. საპენსიო სქემის მიხედვით, 2%-ს ფონდში დასაქმებული რიცხავს, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო კიდევ დამატებით 2%-ს სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან რიცხავს ფონდში.

კომენტარები