ჩინეთი

ჩინეთი უიღური პოეტის ვიდეოს ავრცელებს, თურქეთს მიაჩნია, რომ ის გამოსასწორებელ ბანაკში მოკლეს

ჩინურმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მამაკაცი ჩანს, რომელიც ამბობს რომ უიღური მუსიკოსი და პოეტი, აბდურეჰიმ ჰეითია.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰეითი დააკავეს და უიღურებისათვის შექმნის სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს. თურქეთი ჩინეთს მის მკვლელობაში ადანაშაულებდა, თუმცა ჩინეთი ირწმუნება, რომ ჰეითი ცოცხალი და ჯანმრთელია. ვიდეოში ჰეითი ამბობს, რომ ამჟამად მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დამცველებს ვიდეოს ზოგიერთი ნაწილი საეჭვოდ მიაჩნიათ.

თურქეთი ჩინეთს მოუწოდებს დახუროს უიღურების ბანაკები, სადაც, არსებული ინფორმაციით მილიონამდე ადამიანია დაკავებული. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით ბანაკებში დაკავებულებს აწამებენ. ჩინეთი თურქეთის ბრალდებებს მიუღებელს უწოდებს.

აბდურეჰიმ ჰეითი ორსიმიანი საკრავის, დუტარის ოსტატია და ის ჩინეთში პოპულარული მუსიკოსი იყო. მისი დაკავება სავარაუდოდ მის სიმღერას სათაურით "მამები" უკავშირდება. სიმღერის ტექსტი უიღურების პოემაზეა დაფუძნებული, რომელიც ახალ თაობას მათი წინაბორბედების მსხვერპლის დაფასებისაკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით სიმღერის ტექსტში სიტყვები "ომის წამებულები" ტერორისტულ საფრთხედ მიიჩენიეს და ჰეითის დაკავებაც სწორედ ამას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები