ქურდობა

შსს: ქურდობის 3 და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტზე არასრულწლოვანი დავაკავეთ

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის 3 და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტი გახსნეს და ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მას ბრალად მაღაზიების გაქურდვა ედება და გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ხ.-მ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "სან-მარის" გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულს, ასევე, ბრალად ედება თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარდის სახლის“, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სანელებლების კუთხის“ და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „დისქავერ თრეველის“ გაქურდვა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები