თემურ აბაზოვის საქმე

მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა საკრებულოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა

reginfo.ge

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულმა მარნეულის მერმა, თეიმურაზ აბაზოვმა, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აბაზოვმა ტაბულას უთხრა, რომ მან შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს მიმართა. მისი განცხადება განხილვის პროცესშია.

"იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ასეთ პროვოკაციაში რომ მოვხვდი და ასეთი ბინძური პროვოკაციისგან რომ მიწევს მე თავის დაცვა, არ მინდა ასეთი რეპუტაციით, ასეთ ვითარებაში გავაგრძელო მუშაობა, მითუმეტეს, ბრალდებულის სტატუსით ვარ,"- უთხრა აბაზოვმა ტაბულას. 

ტაბულას შეკითხვაზე, გადაწყვეტილების მიღებამდე ესაუბრა თუ არა ქართული ოცნების გუნდს და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, აბაზოვი პასუხობს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. 

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი პატიმრობიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან მალევე, 14 დეკემბერს გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო, რომელიც ამბობდა, რომ საქმის ძირითადი მოწმეები უკვე გამოკითხულები არიან და აბაზოვი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." 

პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

ცნობისთვის, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე".

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და აბაზოვისთვის 40 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას 26 ივლისსაც ითხოვდა, თუმცა​რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერი პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

კომენტარები