ირანი

ირანში რევოლუციური გვარდიის ავტობუსს თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს, დაღუპულია 27

AFP

ირანში, სისტანის და ბელუჯისტანის პროვინციაში ავტობუსს, რომელსაც რევოლუციური გვარდიის წევრები გადაჰყავდა თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს. ის ავტობუსს ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე მანქანით დაეჯახა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა დაჯგუფება ჯაიშ ალ-ადლმა აიღო. ჯგუფი ირანი-პაკისტანის საზღვარზე მოქმედებს და თავდასხმაც სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა.

დაჯგუფება 2012 წლიდან მოქმედებს და ამბობს, რომ ირანელი სუნიტების უფლებებისათვის იბრძვის. ბელუჯისტანის პროვინციაში მცხოვრები ეთნიკური ბელუჯები ძირითადად სუნიტები არიან. გასულ თვეს სამხედრო ბაზაზე მათ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად რევოლუციური გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა და 5 დაშავდა.

იანვარში დაჯგუფებამ პოლიციის შენობებზე განხორციელებულ კიდევ ორ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

კომენტარები