ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 15-წლიანი მისიის შემდეგ მარსის როვერმა Opportunity-მ მისია დაასრულა და დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა.
მიზეზი ქვიშის შტორმია, რომელშიც როვერი 8 თვის წინ მოყვა. მას შემდეგ ის დედამიწასთან კონტაქტს ვეღარ ამყარებდა.
ნასას მეცნიერების თქმით რობოტის მიერ მოპოვებულმა და გადმოგზავნილმა ინფორმაციამ წითელ პლანეტაზე არსებული ცოდნა სრულიად გარდაქმნა.
Opportunity მარსზე 2004 წლის იანვარში დაეშვა. მანამდე პლანეტაზე კიდევ ერთი რობოტი Spirit-ი გაგზავნეს, თუმცა ის 2009 წელს გაიჭედა და მისი მისია დასრულებულად 2011 წელს გამოაცხადეს.
15 წლიანი მისიის მანძილზე Opportunity-მ 45 კილომეტრზე მეტი დაფარა, მიუხედავად იმისა, რომ ნასას გათვლებით მას მხოლოდ 1000 მეტრამდე უნდა გაევლო და 90 დღის მანძილზე ემუშავა. მის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ დაადასტურა ვარაუდები, რომ მარსი წარსულში წყლით იყო დაფარული. მანვე იპოვა პლანეტის ზედაპირზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი. Opportunity აგზავნიდა ფოტოებსაც, რომლებზეც ქვიშის ქარიშხლები და მარისის კრატერებია ასახული.
Opportunity-ს შემდეგ მარსზე Curiosity გაგზავნეს, ხოლო გასულ წელს კი პლანეტის ზედაპირზე InSight დაეშვა.
"მადლობა ოპი, რომ იყავი პატარა როვერი, რომელმაც შეძლო! 90-დღიანი მისია 15 წლიან აღმოჩენებად და რეკორდულ მიღწევებად იქცა!" დაწერეს NASA-ს ოფიციალურ ტვიტერზე.