თიბისი ბანკის საქმე

სებ ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე: ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობა დაარღვიეს

საქართველოს ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გადაყენებას ითხოვს. სებ-ი გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომერციულ ბანკს 2-თვიან ვადას აძლევს. 

სებ-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 13 თებერვლის სხდომაზე მიიღეს. ამასთან, გადაწყვეტილება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულს წილებს ბანკში არ ეხება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად თიბისი ბანკის შემოწმებისას აღმოჩენილ "ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს" უკავშირებს, რომელიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. სებ-ი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა გამოვლინდა. 

"ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს,"- წერია სებ-ის განცხადებაში. 

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ბანკი საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს. 

9 იანვარს თიბისი ბანკში პროკურატურა შევიდა და გამოძიების ფარგლებში "გარკვეული სახის დოკუმენტები" ამოიღო. უწყება ჯერჯერობით არ პასუხობს კითხვას, რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და რა ინფორმაცია გამოითხოვეს ბანკიდან. 

თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით:

"არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;

არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

"თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები