ინდონეზია

ინსტაგრამიდან მუსლიმური გეი კომიქსების გვერდი გაქრა

Twitter

alPantuni, ინსტაგრამ გვერდი, რომელიც ინდონეზიელი მუსლიმი გეების ცხოვრების სირთულეებზე შექმნილ კომიქსებს აქვეყნებდა, ონლაინ პლატფორმიდან გაქრა. მიზეზებზე ინდონეზიის კომუნიკაციების სამინისტრომ ისაუბრა და განმარტა, რომ ინსტაგრამს ამ გვერდის წაშლა პორნოგრაფიული მასალის გამოქვეყნებისთვის მოსთხოვა.

ინსტაგრამი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გვერდი მათი ინიციატივით არ წაშლილა.

გვერდის მთავარი მიმართულება კომიქსები იყო, რომლის მთავარი გმირი ჰომოსექსუალი მუსლიმია, მასალა კი ძირითადად მის ცხოვრებისეულ სირთულეებს აღწერს.

ინდონეზიის ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ კომუნიკაციების სამინისტრო ამ გვერდის დაბლოკვით იმუქრებოდა და ითხოვდა ინსტაგრამს წაეშალა ეს მომხმარებელი. სამინისტროს განცხადებით, მოსახლეობა ასევე ცდილობდა ამ პროცესის დაჩქარებას და ინსტაგრამზე გვერდს ასაჩივრებდა.

ინსტაგრამი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს რომ მომხმარებელი @alpantuni მათ არ წაუშლათ. გვერდის გაუჩინარება შესაძლოა თავად ანგარიშის მფლობელის მიერ მის გაუქმებას ან სახელის ცვლილებას უკავშირდებოდეს. ადგილობრივმა მედიამ გვერდის მფლობელთან დაკავშირება კომენტარისთვის ამ დრომდე ვერ მოახერხა.

სოციალურმა ქსელმა ასევე განაცხადა, რომ გვერდთან დაკავშირებით შემოსული საჩივრები განიხილეს, თუმცა იქ არსებული მასალა არ არღვევდა ინსტაგრამის პოლიტიკას, შესაბამისად გვერდის წაშლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.  

ინდონეზიაში ამ კომიქსებმა საზოგადოების ნაწილის აგრესია გამოიწვია, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ტაბუირებულ თემას - ერთნაირსქესიანთა შორის ურთიერთობებს ეხებოდა, რაც, ასევე, ისლამის შეურაცხყოფად აღიქვეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომიქსები პორნოგრაფიის ელემენტებს არ შეიცავდა, და კომიქსების მხარდამჭერებისთვის, მასალა უბრალოდ ჰომოსექსუალი მუსლიმის ცხოვრების რეალისტურ სირთულეებს და მათ მიმართ დისკრიმინაციას გამოხატავდა.

Amnesty International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ინდონეზიაში განაცხადა, რომ აუცილებელია სოციალური მედია უსაფრთხო სივრცედ დარჩეს მშვიდობიანი თვითგამოხატვისთვის და რომ მთავრობის მიერ გვერდის წაშლის ინსტაგრამისთვისთვის დაბრალება საზოგადოებაში LGBTI თემის მიმართ დამოკიდებულების არასწორ წარმოდგენას აღძრავს.

წარსულში ინდონეზიაში გეი გაცნობების აპლიკაცია Blued მთავრობის მოთხოვნით აიკრძალა.

2018 წელს აჩეჰის პროვინციაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჰომოსექსუალობისთვის საჯარო გაროზგვით დასაჯეს. მათ 87 როზგი მიესაჯათ.

ისლამური კანონის დარღვევისთვის საჯარო გაროზგვები ინდონეზიის აჩეჰის პროვინციაში ხშირია, რასაც 2018 წელს დიდი საერთაშორისო რეაგირება მოვა, თუმცა ცვლილებები არ მომხდარა და კანონდამრღვევების საჯარო დასჯა გრძელდება. საჯარო გაროზგვებს ასობით ადამიანი ესწრება, მათ შორის ბავშვები

კომენტარები