ე.წ. ისლამური სახელმწიფო

ბრიტანელმა თინეიჯერმა, რომელიც ISIS-ის წევრს გაჰყვა ცოლად და ახლა დაბრუნება სურს, ბავშვი გააჩინა

0 კომენტარი
ფოტო: PA

შამიმა ბეგუმმა, 19 წლის ლონდონელმა თინეიჯერმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთი 2015 წელს დატოვა და სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა, ბავშვი გააჩინა.

შამიმას 27 წლის ქმარი - ჰოლანდიელი, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის იბრძოდა, სირიის დემოკრატიულ ძალებს რამდენიმე კვირის წინ ჩაბარდა.

შამიმას ბრიტანეთში დაბრუნება სურს, თუმცა შესაძლოა ამის საშუალება არ მისცენ, ან დაბრუნების შემდეგ გაასამართლონ.

ბრიტანულმა გამოცემამ The Times შამიმა ჩრდილოეთ სირიაში დევნილების ბანაკში იპოვა. მან თქვა, რომ არ ნანობს სირიაში წასვლას, თუმცა "ხალიფატი დასრულდა" და "იქ ისეთი შევიწროება და კორუფციაა, რომ არც იმსახურებენ გამარჯვებას".

"უბრალოდ მინდა, სახლში დავბრუნდე და ბავშვი გავაჩინო. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, რომ სახლში დაბრუნება და ბავშვთან ერთად მშვიდად ცხოვრება შევძლო" - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამოცემას.

მისი თქმით, აქამდე ორი შვილი გააჩნია და ორივე მათგანი ჩვილობაში გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და დაავადებებისგან.

შამიმამ ლონდონი ორ თანაკლასელთან ერთად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დატოვა. მისი თქმით ერთ-ერთი კლასელი დაბომბვისას დაიღუპა, ხოლო მეორე ბედი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა თქვა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ პატარა ქალაქ ბაღუზ ალ-ფავქანიზე შეტევა გასულ კვირას დაიწყეს.

ქალაქი ალყაშია მოქცეული, თუმცა შეტევა დროებით შეაჩერეს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს. სირიის დემოკრატიული ძალები ცდილობენ გაათავისუფლონ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეებიც. უკანასკნელ დღეებში მათ 10 ტყვე დაიხსნეს.

არსებული ინფორმაციით ქალაქში 1,500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტერორისტული დაჯგუფების 500-მდე მებრძოლია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა უკან მიიღონ და გაასამართლონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 800-მდე წევრი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან მებრძოლმა ძალებმა შეიპყრეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები