დეკანოზ მამალაძის საქმე

მეუფე დანიელი: მარგველაშვილი მამა გიორგის შეწყალებას აპირებდა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ამბობს, რომ ეკლესია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება. მისივე ინფორმაციით, თავის დროზე პრეზიდენტმა ითხოვა, თუმცა ხელისუფლებამ დეკანოზის შეწყალებისაგან თავი შეიკავა. 

"როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს და მითუმეტეს დეკანოზის მიმართ. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა შეიძლება, ეს ინფორმაცია ზუსტი არ არის“, – თქვა მეუფე დანიელმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მამალაძის განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების მოთხოვნით 9 აგვისტოს მიმართეს. შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, კომისიამ მამალაძის საქმე განიხილა, თუმცა კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა.

კომენტარები