თიბისი ბანკის საქმე

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას: შეწყვიტეთ TBC ბანკსა და მის დამფუძნებლებზე თავდასხმა

საერთაშორისო სავაჭრო პალატა თიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და მთავრობას მიმართავს, ბანკსა და მის დამფუძნებელზე თავდასხმები შეწყვიტოს. 

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე კონცენტრირებული თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის მეშვეობით, მათ შორის, პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ. 

განცხადების მიხედვით, "ეს მიზანმიმართული თავდასხმები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე".

"თიბისი ბანკი არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. თიბისი ბანკზე მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას. ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი ქმედებები მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირად დღის წესრიგში დგას, როგორც თიბისი ბანკის, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით. სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციამდე მიგვიყვანა. თიბისი ბანკის საქმის ირგვლივ ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან იგივე ზეწოლა და ჩარევა ასევე გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას,"- წერია განცხადებაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას სთხოვს, შეწყვიტოს თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები. 

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია. ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ. ICC Georgia აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის ყველაზე დიდი და ყველაზე ვოკალური გლობალური ბიზნეს ორგანიზაცია ქვეყანაში; იგი მოიცავს 350 კორპორატიულ და ახალგაზრდულ წევრებს და 28 ბიზნეს ასოციაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. ICC გლობალურ დონეზე რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და გაერო,"- წერია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში. 

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ვრცლად

კომენტარები