ხაზარაძე: ველოდებით მართლმსაჯულებას, მზად ვართ დიალოგისთვისაც

"ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად" - ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ TBC ბანკი პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს.

"თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას.

ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის გზის ძიება, რომ ავიცილოთ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის სანვესტიციო გარემოსა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე" - თქვა ხაზარაძემ.

რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების შესახებ, TBC ბანკის დამფუძნებელი ასეთი ფაქტის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

"ჩვენ გადავეცით ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამის ორგანოებს, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას.

ამასთანავე მაღალი საჯარო ინტერესების გამო გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ წერია, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთან კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დაღვევასთანაც კი კავშირი არ აქვს" - ამბობს ხაზარაძე და აღნიშნავს, რომ TBC ბანკი მზად არის, ეს დასკვნა და 2007-2008 წლის ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს ყველა დაინტერესებულ მხარეს - პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს.

"ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების მიერ დასახელებული იურიდიული კომპანიების, ენჯეოების, საელჩოს წარმომადგენლებისგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს იმასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს' - განაცხადა ხაზარაძემ.

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის გაუქმების გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო. ეროვნული ბანკი ასევე ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის აუქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მიეცა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

"ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე" - აცხადებს სებ-ი.

კომენტარები