შამიმა ბეგუმი

ბრიტანელ თინეიჯერს, რომელიც ISIS-ს შეუერთდა და ახლა დაბრუნება სურს, მოქალაქეობა ჩამოართვეს

DailyExpress

19 წლის ბრიტანელი შამიმა ბეგუმი სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს 2015 წელს, 15 წლის ასაკში შეუერთდა. შამიმას 27 წლის ქმარი - ჰოლანდიელი, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის იბრძოდა, სირიის დემოკრატიულ ძალებს რამდენიმე კვირის წინ ჩაბარდა, თავად შამიმა კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მოხვდა და ბავშვი გააჩინა.

ახლა მას ბრიტანეთში დაბრუნება სურს, თუმცა მოქალაქეობა ჩამოარვეს. შამიმას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შამიმამ ლონდონი ორ თანაკლასელთან ერთად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დატოვა. მისი თქმით ერთ-ერთი კლასელი დაბომბვისას დაიღუპა, ხოლო მეორე ბედი უცნობია.

მისი თქმით, აქამდე ორი შვილი გააჩნია და ორივე მათგანი ჩვილობაში გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და დაავადებებისგან.

ბრიტანულმა გამოცემამ The Times შამიმა ჩრდილოეთ სირიაში დევნილების ბანაკში იპოვა. მან თქვა, რომ არ ნანობს სირიაში წასვლას, თუმცა "ხალიფატი დასრულდა" და "იქ ისეთი შევიწროება და კორუფციაა, რომ არც იმსახურებენ გამარჯვებას".

"უბრალოდ მინდა, სახლში დავბრუნდე და ბავშვი გავაჩინო. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, რომ სახლში დაბრუნება და ბავშვთან ერთად მშვიდად ცხოვრება შევძლო" - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამოცემას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა თქვა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ პატარა ქალაქ ბაღუზ ალ-ფავქანიზე შეტევა გასულ კვირას დაიწყეს.

ქალაქი ალყაშია მოქცეული, თუმცა შეტევა დროებით შეაჩერეს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს. სირიის დემოკრატიული ძალები ცდილობენ გაათავისუფლონ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეებიც. უკანასკნელ დღეებში მათ 10 ტყვე დაიხსნეს.

არსებული ინფორმაციით ქალაქში 1,500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტერორისტული დაჯგუფების 500-მდე მებრძოლია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა უკან მიიღონ და გაასამართლონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 800-მდე წევრი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან მებრძოლმა ძალებმა შეიპყრეს.

კიდევ ერთი, 19 წლის ქალი ჰოდა მუსანა, რომელიც ალაბამას შტატიდან სირიაში 5 წლის წინ წავიდა და ამჟამად 18 თვის შვილთან ერთად ასევე ლტოლვილთა თავშესფარშია ამბობს, რომ ნანობს და აშშ-ში დაბრუნება სურს.

კომენტარები