დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"კენჭისყრის შედეგებით გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას" - ბესელია ივანიშვილს შეხვდა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. დახურული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის სასახლეში გაიმართა. ეკა ბესელია არ პასუხობს კითხვას, რა თემაზე ისაუბრა პარტიის თავმჯდომარესთან.

"არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც საჭიროა საჯაროდ საუბარი, არ მინდა ამ თემაზე საუბარი" - ამბობს ბესელია.

მისივე თქმით, პარტიის წევრების მხრიდან "არანაირი მითითება" არ ყოფილა, რომ უმრავლესობა დატოვოს.

"არც სურვილი არ არის ამისი ხელმძღვანელების მხრიდან, მე ნამდვილად შემიძლიათ გითხრათ, რომ ასეთი მითითება ან ასეთი სურვილი, რომ პარტიის თავმჯდომარეს და ლიდერს ჰქონდეს სურვილი, რომ დავტოვო პარტია, არასდროს არ მიგრძვნია" - აღნიშნა ბესელიამ.

დეპუტატი განმარტავს, რომ ხვალინდელი კენჭყრის შედეგების მიხედვით გადაწყვეტს, დარჩება თუ არა უმრავლესობის რიგებში. პარლამენტი კენჭს ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მომზადებულ კანონპროექტს უყრის, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე უნდა გადაიდოს.

"კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული პირადად ჩემი გადაწყვეტილება. სხვა, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ბევრი რამ არის ერთობლიობაში, ბევრმა რამემ მოიყარა ერთად თავი და ეს კონკრეტული პროცესიც არის ბევრი რამის მთქმელი" - თქვა ბესელიამ და ხაზი გაუსვა, რომ მას "ვერავინ გარიცხავს" და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

"მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს და მით უმეტეს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს. არა მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ" - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 9 დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდის ინიციატივით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს. უმრავლესობის და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების ნაწილი ინიციატივას არ ეთანხმება. დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიას მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. პოლიტსაბჭოს განცხადებით, დეპუტატების ნაწილის ინიციატივა არაკონსტიტუციურია და ის გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები