საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში განახლებულ სხდომას ირაკლი კობახიძე არ ესწრება, დეპუტატები აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდა, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ ესწრება. ფაქტს დეპუტატები აპროტესტებენ და სხდომის გადადებას ითხოვენ. ირაკლი კობახიძე პარლამენტის შენობაში მოსამართლეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. ქართული ოცნების დეპუტატის სოფო კილაძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა "დიდი ხნის წინ" იყო დაგეგმილი და დღეს "დროში მოუწია".

"ძალიან ცინიკური და ნიშანდობილივია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მიმდინარეობს და პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს და ამ ადამიანებს, ეს არის ნიშანდობლივი და ყველაფრის ხაზის გადასმა, თუ რამე წმინდა არსებობს პარლამენტში" - თქვა "ოცნების" დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის წევრებმა ვიცესპიკერ ზვიად ძიძიგურს მოუწოდეს, სხდომა გადაიდოს. ლევან კობერიძის თქმით, "გვაქვს იმდენი პატივისცემა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, რომ დაველოდოთ შეხვედრის დასრულებას, მობრძანდეს ამ დარბაზში და მერე გავაგრძელოთ სხდომა". ფრაქციის სახელით შესვენების გამოცხადება მოითხოვა ევროპულმა საქართველომაც.

ვიცესპიკერის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სხდომას მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ შეუერთდება.

"არც ერთ დეპუტატს არ ექნება პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემა" - აღნიშნა ძიძიგურმა.

პარლამენტი დღეს ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს. ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების თქმით, დღევანდელი კენჭისყრა "წყალგამყოფია".

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე, შესვენების გამოცხადებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი არაკონსტიტუციურად შეაფასა. მისივე თქმით, "ის კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე".

ამ განცხადების შემდეგ, ეკა ბესელიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს პასუხს სხდომის განახლების შემდეგ გასცემდა.

"მაპატიეთ ამ ემოციისთვის, მაგრამ ისე ავღელდი ამ სიტყვებზე, რომ კიდევ კარგი, შესვენება გამოცხადდა, მართლა კიდევ კარგი. ვეცდები, ახლა უფრო უემოციოდ ვუთხრა, მაგრამ აუცილებლად, უფრო მწარედ მიიღებს ახლა პასუხს, რაც გაბედა და თქვა, გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არ აქვს მორალური უფლება, კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას იქ შევახსენებ, ტრიბუნიდან” - აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები