ვენესუელა

ჰუმანიტარული დახმარების დასაბლოკად მადუროს რეჟიმმა ბრაზილიასთან საზღვარი ჩაკეტა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ ვენესუელასა და ბრაზილიას შორის არსებულ საზღვარს ჩაკეტავს. მან ეს გადაწყვეტილება ბრაზილიიდან მომავალი ჰუმანიტარული დახმარების შესაჩერებლად მიიღო.

მან ასევე თქვა, რომ კოლუმბიასთან საზღვრის ჩაკეტვასაც განიხილავს. კოლუმბიის საზღვარზე არსებული ერთ-ერთი პუნქტი, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდი უკვე ჩაკეტილი, რათა ამერიკული და კოლუმბიური ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაებლოკათ. საზღვაო და საჰაერო საზღვარი დაკეტილია კუნძულ კიურასაოსთან, რომელიც აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და ვენესუელაში გაგზავნას დათანხმდა.

ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო თანმხლებებთან ერთად კოლუმბიის საზღვარზე გაემართა.

ბრაზილიასთან საზღვრის დაკეტვის გამოცხადების შემდეგ ბევრი ვენესუელელი საზღვართან მდებარე ბრაზილიურ ქალაქ პაკარაიმაში წავიდა, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემენ, რამაც საცობები შექმნა. გუაიდოს თქმით საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად მის მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში საკვების და მედიკამენტების შეტანას შეძლებენ.

ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები