დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

რა გაუგზავნა კობახიძემ ივანიშვილის სახელით დეპუტატებს ბესელიას პროექტის კენჭისყრამდე

პარლამენტი

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

"კონსტიტუციისა და პოლიტსაბჭოს პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ პარტიასთან კონსენსუსით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, არის კონსტიტუციისა და პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ" - წერია მესიჯში, რომელიც ტაბულას წყარომ მიაწოდა.

ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ქართული ოცნებიდან კანონპროექტს ეკა ბესელიას გარდა, მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა (რევაზ არველაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური).

იმის გამო, რომ კანონპროექტი ჩავარდა, ეკა ბესელიამ დღეს ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ის და კიდევ 8 დეპუტატი ითხოვდა, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადადებულიყო. 

გუშინდელ სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმაც თქვეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ. 

კომენტარები