ვენესუელა

ვენესუელაში მოსახლეობას და არმიას შორის დაპირისპირება გრძელდება, დაღუპულია 4 ადამიანი

Reuters

ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე მოსახლეობასა და სამხედრო ძალებს შორის დაპირისპირება პარასკევს დაიწყო. ადგილობრივებს ბრაზილიის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მიღება სურდათ, რომელზეც ნიკოლას მადუროს რეჟიმმა უარი თქვა. მათ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ერთი ქალი.

მას შემდეგ სასაზღვრო რეგიონებში დაპირისპირება გრძელდება. ბრაზილიის საზღვართან ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ 4 ადამიანი მოკლეს და 20 დაშავდა.

თავდაპირველად მოსახლეობა ჯარისკაცებისათვის გზის ჩაკეტვას ცდილობდა, რათა მათ საზღვრამდე არ მიეღწიათ. ამჟამად საზღვარს ეროვნული გვარდიის ჯავშანმანქანები აკონტროლებს. ადგილობრივების თქმით ჯარისკაცებთან მივიდნენ, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შემოშვება ეთხოვათ, რის პასუხადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაპირისპირების გამწვავების გამო საზღვარზე საკუთარი გვარდია გაგზავნა ბრაზილიამაც.

ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზეც, რომელიც ნაწილობრივ ჩაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით 15-მდე ჯარისკაცმა პოსტი დატოვა და ხუან გუაიდოს მხარეს გადავიდა.

თავად გუაიდო მხარდამჭერებთან ერთად კოლუმბიის საზღვარზე ჩავიდა და კოლუმბიაში გადასვლაც მოახერხა. მან ჯარისკაცებს ტიენდიტასის ხიდიდან, კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკესთან ერთად მიმართა და თქვა, რომ მათ, ვინც გუაიდოს შეუერთდება ამნისტია შეეხება.

მისივე თქმით ჰუმანიტარულმა დახმარებამ ქვეყანაში ბრაზილიიდან უკვე შეაღწია, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ხუან გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

კომენტარები