სებ-ის განცხადების მიუხედავად, გვენეტაძე პარლამენტში TBC-ის შესახებ დისკუსიაზე მაინც მივიდა

პარლამენტი

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. 

25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა. 

26 თებერვალს TBC ბანკის საკითხის ირგვლივ პარლამენტში დისკუსიაა ჩანიშნული, რომელზეც მთავარი მომხსენებელი სწორედ კობა გვენეტაძე უნდა იყოს. დისკუსიებში მონაწილეობას TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც, იღებენ.

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

კომენტარები