ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, თავმჯდომარემ დაასრულა

ზაზა აბაშიძე

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა დაასრულა. 

კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო. 

ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. 

ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა. 

"კომიტეტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ კობა გვენეტაძის განცხადება არ არის თითიდან გამოწოვილი განცხადება და ამის უკან ნამდვილად დგას გარკვეული ლოგიკა, რის გამოც მე მივიღე გადაწყვეტილება და ეს არ ყოფილა ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება - კომიტეტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა, რომ ის მოვიდა, მაგრამ რადგან ის არ თვლის საჭიროდ, რომ დეტალებზე ისაუბროს და ამას ბანკისადმი საფრთხის შემცველად მიიჩნევს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ინფორმაცია ცნობად უნდა მივიღოთ და გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - თქვა რომან კაკულიამ. 

სანამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, კაკულია ამბობდა, რომ დასრულების შესახებ კენჭისყრა გაიმართებოდა, თუმცა, ეს პროცედურა არ ჩატარებულა. 

25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, 26 თებერვალს დისკუსიაზე მაინც მივიდა. 

25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

თუმცა, კომიტეტში საგნობრივი განხილვა მაინც არ შედგა. 

კომენტარები