გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, თუმცა სასამართლო ფიქცია იყო

0 კომენტარი
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გივი თარგამაძე ამბობს, რომ მისი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული დავით ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი ფაქტორი, რაც აფიქრებინებს, რომ გამოძიება და სასამართლო თავიდან ბოლომდე ფიქცია იყო. 

თარგამაძე ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, რომ 26 თებერვალს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი პატიმრობის შეფარდებისთვის ადეკვატურია, რადგანაც გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მან მიამაგრა ბომბი ყოფილი დეპუტატის ავტომობილს. თუმცა, მისივე თქმით, ის, რომ ხეჩუაშვილი ამ დრომდე ძებნაშია, ეჭვის საფუძველს იძლევა. 

"თავად ხეჩუაშვილი საერთოდ ცოცხალია, მკვდარია, ქვეყანაშია, თუ მის ფარგლებს გარეთ არის, არავინ არ იცის, ვინაიდან პროკურატურის მტკიცება, რომ მან ქვეყანა დატოვა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მხოლოდ ვარაუდებზეა დაყრდნობილი და არც ამის მტკიცებულება არ არსებობს. თეორიულად სავსებით შეიძლება, რომ ის აქაც იმყოფებოდეს,"- ამბობს თარგამაძე ტაბულასთან საუბრისას. 

თარგამაძე ხეჩუაშვილის 2 თანამზრახველზეც საუბრობს, რომელთა შორისაც, ერთერთი ხეჩუაშვილის ცოლის ძმა ბორის ჩაგუნავაა, რომელსაც გამოძიება იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენა-შენახვას ედავებოდა. ჩაგუნავას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პროცესზევე ეს სასჯელი 6-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა. 

თარგამაძე ყვება, რომ ჩაგუნავა ბრალდებული იყო ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე პირველი ტერაქტისა და მუხროვანის პირველ ამბოხში. თარგამაძის თქმით, საქმეების განხილვა პოლიტიკური მოტივით დაიხურა, თუმცა ჩაგანავა კვლავაც რჩება ბრალდებულად ორივე საქმეზე და სასამართლოს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია. 

"გამოძიებამ მიიღო სიმართლედ მისი ნათქვამი, რომ მთელი ეს უდიდესი არსენალი, რაც მის სახლში აღმოაჩინეს, მას მიუტანა ხეჩუაშვილმა, არ უთხრა ისე და ამიტომ, მან არ იცოდა, ეს რა იყო. საოცარი იყო, რომ დანაშაულის განუცხადებლობაზეც კი არ მიედავნენ მას, ძალიან სწრაფად დაასრულეს გამოძიება, ცალკე საქმედ გამოყვეს ისე, რომ მე იქ სიტყვა არ მქონოდა, სასამართლოც ძალიან სწრაფად ჩაატარეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით გაასამართლეს, თუმცა თუ ხეჩუაშვილის შეძენილი იყო, ეს რატომ გასამართლდა შეძენაზე, გაუგებარია. საბოლოო ჯამში 4 წელი მიუსაჯეს და იქვე დარბაზში გადაუკეთეს 6-წლიან პირობით სასჯელად. 3-ჯერ ჩაიდინა ადამიანმა ტერაქტი და რაღაზე უნდა გამოსცადო მეოთხედ წარმოუდგენელია,"- ყვება გივი თარგამაძე. 

მეორე თანამზრახველი, რომელსაც ყოფილი დეპუტატი გამოყოფს, დიმიტრი აბრამიშვილია. თარგამაძის თქმით, მას გამოძიება პრაქტიკულად დაეთანხმა იმაში, რომ ის ხეჩუაშვილის თანამზრახველი იყო. 

"ის რამდენჯერმე არის იმ პერიოდში გადაღებული ხეჩუაშვილთან ერთად ჩემს სახლთან. შემდეგ, აფეთქების დილას ხეჩუაშვილს მანქანაში ჩაუჯდა. სავარაუდოდ, იქ იყო აფეთქების ადგილას და როდესაც აფეთქების შემდეგ მანქანა დატოვეს ხეჩუაშვილის საქმის მიმდებარედ, მისი ტელეფონით ხდებოდა კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვისაც ეს მანქანა დაუტოვეს. ამაზე თქვეს, რომ კი, არის თანამზრახველი, მაგრამ მოდი, გავამყაროთ ეს და ცალკე საქმედ გამოვყოთ გამოძიება, გამოყვეს და იქვე გააჩერეს. სტატუსიც კი არ მიანიჭეს ეჭვმიტანილისაც კი. ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად მოძრაობა დღეს ქვეყანაში, პრობლემა არ აქვს," - ამბობს თარგამაძე.

გივი თარგამაძე ეკა ბესელიას ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომელმაც თქვა, რომ "არ არსებობს დანაშაული მოტივის გარეშე". თარგამაძე ამბობს, რომ გამომძიებლემა დაამტკიცეს, რომ არსებობს, რადგან მოტივსა და დამკვეთებზე არც კი უმსჯელიათ. 

"გამოვიდა, რომ ერთ მშვენიერ დილას ხეჩუაშვილმა გაიღვიძა იმ მიზნით, რომ მე უნდა მომკლას აუცილებლად. 

ბოლო კიდევ, რაც მნიშვნელოვანია, თვითონ სასამართლოს დადგენილებაში უწერიათ, რომ აფეთქება მოხდა ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე. ეს ადგილი გატენილი იყო მეტალის ნაწილებით. მე ვიყავი თანამდებობის პირი. ფიზიკურად დაზიანდა 7 ადამიანი, მათგან ერთი ძალიან მძიმედ. 14 მანქანაზე მეტი დაზიანდა და ამასთან დაზიანდა ორგანიზაციებიც, ასე უწერია სასამართლოს. ეს არის პირდაპირ ტერაქტის მუხლი, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით, რის მინიჭებაზეც პროკურატურამ უარი მითხრა. საბოლოო ჯამში საქმე წაიყვანეს განზრახ მკვლელობის მცდელობა. ეს ყველაფერი ერთად მოწმობს, რომ მთელი სასამართლო პროცესი ფიქცია იყო. 

ხეჩუაშვილისადმი ეს პატიმრობა ადეკვატურია, ნამდვილად, ოღონდ არარსებულ ხეჩუაშვილს შეუფარდეს. არ განიხილეს დამკვეთებისა და მოტივის საქმე. თანამზრახველები გაარიდეს და საბოლოო ჯამში მხოლოდ მას მიუსაჯეს, რომელიც ფიზიკურად არ არის,"- ამბობს თარგამაძე. 

გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ხეჩუაშვილი ამ დრომდე ძებნილია. 

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ევროპული საქართველოს წევრი მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო. გივი თარგამაძის შეფასებით, პროკურატურას მისი აფეთქების მოტივის გამოძიების მცდელობაც კი არ აქვს.

გივი თარგამაძემ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიებაც ჩაატარა. მისი ინფორმაციით, აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები