რუსეთი

ევროპარლამენტის 10-მდე დეპუტატი თავმჯდომარეს სთხოვს გამოიძიოს პესკოვას სტაჟირების საქმე

ევროპარლამენტის 10-მდე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ანტონიო ტაიანისთვის, მიმართვას გეგმავს მოთხოვნით, გამოიძიოს ევროპარლამენტში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის ქალიშვილის, ელიზავეტ პესკოვას, სტაჟირების საქმე. 

ელიზავეტ პესკოვა ფრანგი ევროპარლამენტარისთვის, ემერიკ შოპრადისთვის, მუშაობს, რომელიც 2014 წელს ღიად უჭერდა მხარს ყირიმის ანექსიას და იმავე წელს დამკვირვებელი იყო ყირიმში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმზე. 

იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარები თავმჯდომარისთვის მიმართვას გეგმავენ, რუსთავი 2-თან ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ტუნე კელამმა, ისაუბრა. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ფაქტის გამო. რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ვგეგმავთ, წერილით მივმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს. მათ უნდა შეიმუშავონ გარკვეული წესები, როგორ უნდა გასცენ მათ იმის გარანტია, რომ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის რეჟიმთან, ვერ შემოვლენ პარლამენტში. ეს იქნება საკმაოდ მკაცრი გამოცდა დემოკრატიული ინსტიტუტისთვის. მეორეს მხრივ, ეს გვახსენებს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური რისკებისთვის და ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა,"- ამბობს კელამი. 

ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი პოლონეთიდან იაცეკ სარიუშ-ვოლსკი კი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც არსებობს ვარაუდი ბრიუსელში 100-ზე მეტი რუსი ჯაშუშის ყოფნის შესახებ, პესკოვას სტაჟირების საკითხი სენსიტიურია. 

"პარლამენტის ეს წევრი არის საგარეო კომიტეტის, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი, ასე რომ, მის ოფისში საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება. მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო და ეს არის ცუდი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ყურადღების ნაკლებობის ნიშანი,"- ამბობს რუსთავი 2-თან საუბრისას სარიუშ-ვოლსკი. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, უახლოესი გარემოცვის წევრის ქალიშვილი ევროპარლამენტში სტაჟირებას გადის, თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, რომელსაც ეს ინფორმაცია თავად შოპრადმა დაუდასტურა

ამჟამად პესკოვას, როგორც ევროპარლამენტის სტაჟიორს, ბრიუსელსა და სტრასბურგში, ევროპარლამენტის ორივე შენობაში შესვლა და ყველა კომიტეტსა თუ შეხვედრაზე დასწრება შეუძლია. შოპრადმა ფრანგულ მედია სააგენტოს AFP-ს განუცხადა, რომ პესკოვას არ შეუძლია დახურულ დებატებსა თუ ევროკავშირისა და რუსეთის საპარლამენტო კომიტეტზე დასწრება.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, ძალიან იშვიათად ატარებენ რეალურ შემოწმებას და ხშირად არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრაზე დასწრების შანსი. პესკოვას ასევე ევროპარლამენტისა და შოპრადის პარტიის საკომუნიკაციო ქსელებზე აქვს წვდომა.

2015 წლამდე ემერიკ შოპრადი ფრანგული მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, მარინ ლე პენის ეროვნული ფრონტის წევრი და 2014 წლის ევროპულ არჩევნებში პარიზის რეგიონში პარტიის ერთ-ერთი მთავარი კანდინატი იყო. ცნობილია, რომ 2014 წელს რუსული ბანკისგან ლე პენის პარტიამ მიიღო 9,4 მილიონი ევროს სესხი, რის შემდეგაც მარინ ლე პენი გაუჩერებლად მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. იმის გამო, რომ ლე პენს ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, შოპრადმა დატოვა პარტია და დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა, მანამ სანამ სხვა მემარჯვენე პოპულისტურ გაერთიანებას  “თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა” შეუერთდებოდა. ამავე გაერთიანებაში არის იტალიის “ხუთი ვარკვლავის მოძრაობა”, პარტიას ხშირად უთქვამს, რომ რუსეთისთვის სანქციები მოეხსნათ.

ევროპარლამენტის არჩევნები მაისშია დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, მოსკოვმა მასში ჩარევა სცადოს.

კომენტარები