საპენსიო რეფორმა

"პენსიის დაგროვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს" - ევროპულმა საქართველომ ახალი მოდელი შეიმუშავა

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ევროპულმა საქართველომ" შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს:

  • ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
  • ის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის და
  • დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა. 

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.

"ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას “ქართული ოცნების” სქემა აკეთებს. ამ ალტერნატიული სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა.

“სხვაობა სახეზეა: “ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება. შედარებისთვის: “ქართული ოცნების” საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებს,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს ამ კანონპროექტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 28 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს. 

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24.000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24.000 ლარზე მეტი და 60.000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია ხელფასის, ასაკის და სქესის მითითებით მომავალი დაგროვილი პენსიის დაახლოებითი ოდენობის გაგება.

კომენტარები