თამაზ ახობაძე

იუსტიციის სამინისტრო თამაზ ახობაძეს სამსახურში აღადგენს და განაცდურსაც აუნაზღაურებს

ტაბულა

იუსტიციის სამინისტრო თამაზ ახობაძეს სამსახურში აღადგენს და განაცდურსაც აუნაზღაურებს. ამის შესახებ განცხადებას სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში წერია, რომ რადგან იმ თანამდებობაზე, რომელზეც ახობაძე გათავისუფლებამდე მუშაობდა უკვე დანიშნულია პირი, ახობაძე დაინიშნება პოზიციაზე, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელსაც ახობაძე გათავისუფლებამდე იკავებდა.

"მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე წინააღმდეგია 2017 წლის 9 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის დაკისრებული განაცდურის მიღებაზე და ითხოვს დამატებით თანხას ან ბოდიშის მოხდას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ არის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თამაზ ახობაძის პირად ანგარიშზე გადასარიცხად. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უკვე წამოიწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.

არსებულ ვითარებაში, მოცემული თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისთვის დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება მოპოვებული და აღსრულების ეროვნული ბიურო იმოქმედებს მკაცრად სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან რაიმე დამატებითი დისკუსიის გარეშე;

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება;

- მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე განრიდება/მედიაციის მენეჯერად ითხოვს აღდგენას (მოცემული პოზიცია, როგორც მრავალჯერ იქნა განმარტებული, ამჟამად ვაკანტური არ არის და მისი ვაკანტურად ქცევისათვის, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია დაზუსტებული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი), დანაშულის პრევენციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნება ბრძანება თამაზ ახობაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც უკავია მ.ბ.-ს. ეს თანამდებობაა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია იმ შეხვედრის დეტალებზე, რომელიც გუშინ თამაზ ახობაძესა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა. 

"შეხვედრაზე თამაზ ახობაძეს მორიგჯერ აუხსნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინების თანახმად (დავა თამაზ ახობაძესა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდება/მედიაციის პროგრამების მენეჯერს მ.ბ.-ს შორის), თამაზ ახობაძის სასარგებლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილება (2017 წლის 9 მარტი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, შრომითი დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და თ. ახობაძეს შორის) არ წარმოადგენდა თამაზ ახობაძისათვის სასურველ თანამდებობაზე მომუშავე პირის (ამ შემთხვევაში მ.ბ.-ს) გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ ამ განმარტებას (იხ. პუნქტი 44) მორიგჯერ არ დაეთანხმა თამაზ ახობაძე და კვლავ მოითხოვა განრიდება/მედიაციის მენეჯერად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე უკვე მესამე წელია, რაც მუშაობს მ.ბ.
იმავე შეხვედრაზე, საკითხი შეეხო განაცდურის ანაზღაურების საკითხს. თამაზ ახობაძეს განემარტა, რომ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არავითარი წინაღობა არ არსებობდა, რაზეც თამაზ ახობაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხის ოდენობაზე ითხოვდა თანხის დამატებას („რაიმე მცირედი/სიმბოლური მაინც“) ან წერილობითი სახით ბოდიშის მოხდას. მას განემარტა, რომ ამგვარ დამატებით ზომებს აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო თვლიან, რომ ამოწურულია ყოველგვარი რესურსი დაინტერესებულ პირთან რაიმე ტიპის სამართლებრივი თუ სხვა გონივრული დისკუსიისა. ამას ემატება ისიც, რომ თამაზ ახობაძის, ისედაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი პირის, ინსტრუმენტალიზაციის რეალური საფრთხე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან," - წერია განცხადებაში.

თავად თამაზ ახობაძე კი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ წერდა: 

"გამოვედი სამსაათიანი შეხვედრიდან. თუმცა სიახლე არ მაქვს. იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია - თანახმა არიან მომცენ აღდგენის თარიღით კომპენსაცია, თუ უარს ვიტყვი აღდგენაზე. ვარ იუსტიციის სამინისტროს წინ. ვიწყებ შიმშილობას."

თამაზ ახობაძე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობდა. 

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 2018 წლის 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ახობაძის მიმართ ამ დრომდე არ შეუსრულებია - იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს ახობაძის დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

კომენტარები