ეუთოს ანგარიში

მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და სხვა - ეუთოს საბოლოო ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: osce/odihr

ეუთომ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ხმების ყიდვის ფაქტებს. ასევე, აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი, თუმცა, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო შეხვედრებში მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მონაწილეობამ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს და საერთაშორისო პრაქტიკას. 

უფრო კონკრეტულად:

ეუთო აღნიშნავს, რომ, მათი დაკვირვებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მარათონი კონკურენტული იყო და კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება, თუმცა, ერთ მხარეს, მეორესთან შედარებით, მეტისმეტად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რამაც, ორივე მხარის მიერ კამპანიის ნეგატიური ხასიათით წარმართვასთან ერთად, პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 

ორგანიზაცია წერს, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, ზოგიერთი ძირითადი ასპექტის რეგულირების ნაკლებობის გამო არ იყო უზრუნველყოფილი კანონის მკაფიოობა

"კამპანია გაუარესდა უხეში რიტორიკით. გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რამაც ბუნდოვანი გახადა საზღვარი პარტიას და სახელმწიფოს შორის. კერძო მედია იყო მკვეთრად პოლარიზებული და მიკერძოებული, ამათან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ უზრუნველყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. არჩევნების დღეს, ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა პროცესში, რომელიც პოზიტიურად შეფასდა, თუმცა, ხდებოდა ამომრჩევლებზე დაკვირვება, რაც იწვევს შეშფოთებას და ეჭვებს მათი შესაძლო დაშინების შესახებ".

ანგარიშში წერია, რომ კამპანიის განმავლობაში ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება. ამ კონტექსტში ეუთო 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებაზეც საუბრობს, როდესაც მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მრავალი სოციალური და ფინანსური ინიციატივა გასაჯაროვდა, მათ შორის, სწორედ ვალის ჩამოწერა, რასაც კერძო ფინანსური ინსტიტუტი აანაზღაურებდა და რომელიც, თავის მხრივ, მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან არის დაკავშირებული. ეუთო ამას ხმების ყიდვად აფასებს.

"პირველ და მეორე ტურს შორის მთავრობამ ისაუბრა სოციალური და სხვა პროექტების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობდა სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის წახალისებას. ამან განაპირობა შეშფოთება და ეჭვები საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტი სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, მათ შესახებ მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს შეატყობინეს, რამაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არასამართლიანად დიდ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა. მთავრობამ ასევე გამოაცხადა სესხის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება, რაც 600 000 ადამიანისთვის 1,5 მილიარდი ლარის ჩამოწერას გულისხმობდა. პროექტი ფინანსურმა ინსტიტუტმა განახორციელა, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარესთან არის დაკავშირებული, ისევე, როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივები, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სარგებელს ჰპირდებოდა. ეუთოს მხრიდან ეს ხმების ყიდვად შეფასდა". 

ეუთოს კრიტიკას იწვევს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ისევე, როგორც 2008 წლის კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ არეგულირებს ფინანსებს საარჩევნო კამპანიის დროს და რომ კანონი არ იცვლებოდა, თუმცა, შეიცვალა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რაც, არ შეესაბამება ეუთოს და ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციებს. 

კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ადეკვატურ დროს, რათა პასუხი გაეცეს დარღვევებს საარჩევნო პერიოდში. არასაკმარისია სესხის მარეგულირებელი დებულებები, არ აწესრიგებს მეორე ტურში ფინანსურ და საანგარიშო მოთხოვნებს და არ ეხება მესამე მხარის საარჩევნო კამპანიას.

კანონი უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სხვადასხვა კერძო და საჯარო დაფინანსების შესაძლებლობებს. პარტიებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება, თუ მათ წინა არჩევნებზე ხმების 3% ან მეტი მიიღეს ან ჰყავთ მინიმუმ ერთი მაჟორიტარი წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც ფრაქციის წევრია. დამოუკიდებელ კანდიდატებს არ აქვთ საჯარო დაფინანსების მიღების მსგავსი შესაძლებლობა. თუმცა, ყველა კანდიდატს, ვინც პირველ ტურში 10%-იან ბარიერს გადალახავს, ეძლევა საშუალება, კამპანიის დასაფინანსებლად 1 მილიონი ლარი მიიღოს. პარტიების წლიურმა ხარჯებმა, კანდიდატების საარჩევნო ხარჯების ჩათვლით, მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს ( 13,3 მილიონი ევრო 2018 წელს) არ უნდა გადააჭარბოს. დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯებსაც იგივე ლიმიტი აქვთ. 

კამპანიის ხარჯების ეს მაღალი ლიმიტები ლიმიტები ხელს არ უწყობს კამპანიის რესურსების არასასურველი უპირატესობის მინიმიზაციას და არ ითვალისწინებს სამოქმედო ველს. 

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სასურველ კანდიდატს, კანდიდატებს, პარტიას ან პარტიებს 60 000-დან 120 000ლარამდე შესწიროს.

ასევე, პარტიებს შეუძლიათ კაპანიისთვის 1 000 000-იანი სესხი მიიღონ. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რელიგიური ორგანიზაციებისგან და ანონიმური წყაროებისგან შემოწირულობების მიღება აკრძალულია.

2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მიიღო სხვებზე გაცილებით მეტი შემოწირულობა. მან ასევე მიიღო სესხი ბანკიდან, რომელიც ქართული ოცნების თავმჯდომარესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ეუთოს და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფისგან რეკომენდაციებისა, სესხების გაცემის და ფონდების საკითხი არასაკმარისად რეგულირდება, საერთაშორისო საყოველთაო პრაქტიკის მიუხედავად. 

გარდა ამისა, არ არსებობს მესამე მხარის საარჩევნო კამპანიის შესახებ მკაფიო რეგულაციები და მოთხოვნები საზოგადოებრივი მოძრაობების ან სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაწეული დანახარჯების აღრიცხვისათვის, რომლებიც კამპანიის მიზნით ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მედიას, ეუთოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედია უფრო პოლარიზებული გახდა. ტვ იმედი აქტიურად მუშაობდა, რათა ენმ-ის კანდიდატის გამარჯვების პრევენცია მოეხდინა და თავისი პირდაპირი ეთერი და ახალი ამბების შესახებ გადაცემები სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი კანდიდატის დაგმობას დაუთმო. მისი ეთერის 34% ენმ-ზე საუბარს ეთმობოდა, თითქმის ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში, მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დაეთმოთ 23% და 9%, უმეტესად დადებით ან ნეიტრალურ კონტექსტში. 

რუსთავი 2 მყარად გმობდა ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. მათ არხმა მთლიანი ეთერის 17%, 32% და 9% დაუთმო, ძირითადად უარყოფითი ტონით. არხმა ენმ-ს დაუთმო 24%, უმეტესად ნეიტრალურ კონტექსტში. 

ეუთოს შეფასებით, ​საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო ენმ-ის და მისი კანდიდატის წინააღმდეგ და ემხრობოდა ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. არხმა როგორც ენმ-ს, ასევე ქართულ ოცნებას თანაბრად დაუთმო მთლიანობაში 30%, თუმცა, განსხვავდებოდა ტონი - მმართველი გუნდის მიმართ ის პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, ენმ-ის მიმართ კი - უმეტესად ნეგატიური. 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ასევე ტვ იმედმა პოლიტიკური ახალი ამბების მეოთხედი მთავრობის აქტივობებს და მათ მომავალ სოციალურ ინიციატივებს დაუთმეს. 

ტვ პირველმა მაყურებელს ბევრად ნეიტრალური და ფაქტობრივი გაშუქება შესთავაზა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გაშუქების ტონი ნეიტრალური იყო ყველასთვის, თუმცა, მნიშვნელოვნად დიდი ადგილი დაუთმეს ქართულ ოცნებას და მის მხარდაჭერილ კანდიდატს - ეთერის 27% და 4%, რაც ენმ-ის გაშუქებას ბევრად აღემატებოდა - პარტიას და მის კანდიდატს აქ 19% დაეთმო. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები