მამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკი მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მეშვეობით, მასა და TBC-ის თანადამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს, აშანტაჟებდა. 

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ფარგლებში ისაუბრა. 

"ეროვნული ბანკი პრაქტიკულად, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს მისი პრეზიდენტის და მისი თქვენ მიერ ახლადარჩეული მოადგილის, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. მათ გამოგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს.

მინდა, გითხრათ, რომ 7 წევრი ჰყავს TBC ბანკს სამეთვალყურეო საბჭოში აქ და 9 წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან 5 წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი TBC ბანკთან არ აქვთ. ერთადერთი კავშირი, რაც აქვთ, ეს არის მათი კავშირი დამპოუკიდებლობასთან. ესენი არიან უცხოელები, ძირითადად. მე და ბადრის გვაქვს 2 ხმა. შესაბამისად, ვერანაირი გადაწყვეტილების უფლება ჩვენ ამ ჩვენს ბანკში არ გვაქვს და ვერც გვექნება.

გამოაგზავნეს წერილი. ე.ი პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე, რომელიც ეტყობა, ვიღაცამ მერე დაუწუნა, რომ 10 000 ლარი ცოტაა. მე მივედი სებ-ის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 000 ლარსაც არ გადავიხდით იმიტომ, რომ ეს არ არის 11 წლის წინანდელი ამბავი არ არის სწორი ისე, როგროც თქვენ მიგყავთ. შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი და დაგვარიცხეს მილიონი ლარი. გამოაგზავნეს ჯარიმა ბანკზე და გამოაგზავნეს წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ.

მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ის 2008 წელს საქართველოში არ იმყოფებოდა, რამდენადაც მე მახსოვს და ეტყობა ის ომის პერიოდი, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, არ ახსოვს. მე მივედი და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ, გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგანაც რეგულატორი ხართ და ჩვენ პატივს ვცემთ რეგულატორს და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ არასდროს პრობლემა რეგულატორთან არ გვქონია. მათ თქვეს, რომ არა. თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, თქვენ უნდა საბჭოდანაც წახვიდეთ. მე ვუთხარი, ეს, დაახლოებით, ჰგავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის უფლება, წელიწადში 4-ჯერ ნახო და მოუსმინო, ასე ვთქვათ, რას აკეთებს ის. მე ვუთხარი, იქნებ, 2 ადამიანი დაამატოთ კიდევ დამოუკიდებელი. ჩვენ ლონდონის ბირჟას ვთხოვთ, რომ 7 გავზარდოთ 9-მდე და ჩვენ გვქონდეს უფლება, რომ ვისხდეთ და მოვუსმინოთ იმიტომ, რომ 9 კაცში 2-მა კაცმა წელიწადში 4-ჯერ რა გავლენა უნდა მოახდინოს. მათ თქვეს, რომ არა, ეს არის კატეგორიული საკითხი. მაშინ ჩვენ ვუთხარით, რომ წერილი მაინც მოგვეცით თქვენ, რომ ფულის გათეთრება ამ სისტემაში ჩვენთან არ მომხდარა და შესაბამისად, კრიმინალური რამ არ მომხდარა. მითუმეტეს თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა იურიდიულმა კომპანიამ დენტონსმა დადო დასკვნა.

მე არავინ არ დამიკავშირდა და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკვე ადამიანებმა მხარე დაიჭირეს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, გამოძიება მიდის, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. ჯერ დამნაშავეც არ არის ცნობილი, დაზარალებულიც არ არის ცნობილი, პრესკონფერენციაზეა გადასული პროკურატურა. მე ჩავთვალე, რომ არსებობენ ადამიანები ეკონომიკურ გუნდში, რომლებიც დაინტერესდებიან და როგორც ახლა თქვენ მე კითხვებს დამისვამთ, ასე დამისვამენ კითხვებს. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ ბანკი კარგია და მამუკას და ბადრის აქვთ პრობლემები. ასე არ გამოვა, მეგობრებო. მე მინდა, გითხრათ, რომ პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე ჩვენმა ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს. ახლა მე მოვისმინე განმარტებები, რომ ბანკის აქციები აიწია. იმ ხალხმა რა ქნას, ვინც წააგო? ეს რა არითმეტიკაა? ეს როგორი არითმეტიკაა, რომ 200 მილიონი წააგეს... ჩვენ გვყავს 1 000-ზე მეტი ინვესტორი. 

მე სებ-ის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს ვუთხარი, მოგვეცით წერილი, რომ ეს საკითხი არაფერ კავშირში არ არის ფულის გათეთრებასთან. იგივე კითხვა დასვა ჩვენმა ერთერთმა პარტნიორმა. აზიის განვითარების ბანკის, ADB-ის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა და მან თქვა, რომ ასე არ შეიძლება, თქვენ უნდა თქვათ, რასთან არის საქმე. მეორე დღეს ვიღებთ წერილს. ვიღებ WhatsApp-ით წერილს, სადაც წერია, რომ "ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის. საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს". მე, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, დავსვი კითხვა, როგორ გამომეყენებინა ეს წერილი. მათ მითხრეს, რომ ამ წერილს გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პარტნიორი ბანკებისთვის, მაგრამ ამ წერილს სხვაგან ვერ გამოიყენებთ. მე გაოცებული დავრჩი. ეს იყო პრაქტიკულად, რასაც ინგლისურად ეწოდება blackmailing და ქართულად - შანტაჟი. მითხრეს, რომ თქვენ გადადექით და ჩვენ იმასაც კი არ ვიტყვით ხმამაღლა, რომ ფულის გათეთრებაზე არ მიდის საქმე. გასაგები იყო, რომ ისინი ვერ წავიდოდნენ ე.წ პროკურატურის ვერსიასთან წინააღმდეგობაში. 

ამის მერე მე ვუთხარი, რომ მერჩივნა, მათ მოვეხსენი იმიტომ, რომ ეს იყო დისკრიმინაცია, ეს იყო უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენ მიმართ. ამის შემდეგ მოგვდის 5 წერილი და ბანკის აქციები ისევ ვარდება ყველაზე დაბალ ნიშნულზე. მე ვაკეთებ ძალიან ზომიერ განცხადებას, მივემგზავრები ბადრისთან ერთად ლონდონში, რომ შევხვდე აქციონერებს და, ბატონებო, დამიჯერეთ, ტყუილია, რომ ვიღაცამ გადაგვაყენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში იმიტომ, რომ კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი მხოლოდ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო. 

არ მინდა ის კომენტარები წაგიკითხოთ, რომელიც მოდის ჩვენი ინვესტორებისგან,"- ყვება ხაზარაძე. 

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

26 თებერვალს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა. 

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

კომენტარები