TBC ბანკის საქმე

პროკურატურა: ხაზარაძეს გახარიას წერილის თაობაზე არაფერი უთქვამს

0 კომენტარი

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ინფორმაცია, თითქოს მან გამოკითხვისას მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყება აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა გამოკითხვის დროს ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა.

პროკურატურა აქვეყნებს ამონარიდს ხაზარაძის ჩვენებიდან:

"ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით".

პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს "რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან".

უწყების ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიკითხა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, რომელსაც გაასაჯაროვებს, თუკი პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, ამის შესახებ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაშიც ისაუბრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები