მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლოში დაკითხვაზე გახარიას წერილი მიიტანა

ტაბულა

ჟურნალისტების კითხვაზე, დაკითხვაზე მიიტანა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, მუქარის შემცველი წერილი, მამუკა ხაზარაძე დადებითად პასუხობს. 

ხაზარაძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყო. ის, თავისივე სურვილით, მოსამართლის წინ იკითხება. 

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე თუმცა ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, მას გიორგი გახარია არ უხსენებია. 

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას".

კომენტარები