უგულავა პროკურატურას: ჩემს შემთხვევაში წერილი სარწმუნო იყო და გახარიას შემთხვევაში არა?

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ხაზარაძემ სასამართლოში ამობეჭდილი წერილი მიიტანა, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო. 

უგულავა Facebook პოსტით მიმართავს პროკურორებს და თავისი საქმის დეტალებს ახსენებს, სადაც მოსამართლემ მას სწორედ ასეთი ამობეჭდილი წერილის საფუძველზე მიუსაჯა პატიმრობა.

"მამუკა ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ, პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 წლის 5 ივლისია. "კაპეზედან" სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცბად საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს - ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს [რიჟა] ლონდონში "შავი კაცის" მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება. მოსამართლე გოგინაშვილმა უდრტვინველად გაიზიარა "შავი კაცის" ვერსია. ასე დაიწყო ჩემი იძულებითი სამეცნიერო მივლინება. გოგინაშვილი აპელაციაში უვადოდ გამწესდა, ჯერანაშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე გახდა. შეკითხვა - იმ "შავი კაცის" წერილზე ჩემი ანაბეჭდი იყო? მუქარის ტექსტი უგულავების საგვარეულო სიგელზე იყო სისხლით ამოტვიფრული? რატომ იყო ის სარწმუნო და გახარიას ხაზარაძისისადმი წერილი საეჭვო? ხომ არაფერი გამოგიძიებიათ. გაგიგიათ რა არის ორმაგი სტანდარტი ან შერჩევითი სამართალი რა არის? გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია - თქვენ ეს დაიმსახურეთ,"- წერს უგულავა. 

გიგი უგულავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა 2014 წლის 5 ივლისს შეუფარდა. უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ყვებოდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფალსიფიცირებული მუქარის წერილი მიიტანა, რომელიც თითქოსდა გიორგი კაპანაძემ [რიჟა] გიგი უგულავასგან ლონდონში ყოფნის დროს შუამავლის, "შავგრემანი, ახმახი კაცის", საშუალებით მიიღო.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი თავის გადაწყვეტილებაში წერდა, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გიორგი კაპანაძეზე ზეწოლა არ განუხორციელებია. ადვოკატ ბასილაიას შეფასებით, აბსურდია მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე ყოფილიყო. 

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმაც, რომელაც მედიას უთხრა, რომ ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი მან შუამავლის საშუალებით მიიღო, ხოლო წერილი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა "ამობეჭდილი იყო და მისი ამობეჭდვა ნებისმიერს შეეძლო".

კომენტარები