პროკურატურა: ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ვაქვეყნებთ ე.წ წერილს

მთავარი პროკურატურა იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 5 მარტს სასამართლოში წარადგინა. ხაზარაძის ინფორმაციით, მას მუქარის წერილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

"მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა. 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან" - აცხადებს პროკურატურა.

კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა შს მინისტრს გიორგი გახარიას, პროკურორი ამბობს, რომ "გამოძიება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ობიექტური სურათის შესაქმნელად, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ჩვენ გვაქვს ე.წ დოკუმენტი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, იგი არის ასლი და მითუმეტეს, ბატონი ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს, ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე მოქმედების შესაძლებლობას".

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმაც, რომელაც მედიას უთხრა, რომ ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი მან შუამავლის საშუალებით მიიღო, ხოლო წერილი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა "ამობეჭდილი იყო და მისი ამობეჭდვა ნებისმიერს შეეძლო"

კომენტარები