"უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე" - რა ეწერა ხაზარაძის მიტანილ წერილში

შსს

"უახლოეს 5 დღეში TV პირველი უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე" - ეს წერია წერილში, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, საქალაქო სასამართლოში 5 მარტს დაკითხვაზე მიიტანა. ხაზარაძის თქმით, მუქარის წერილი მას საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გაუგზავნა. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს წერილის ასლია, ხოლო წერილის ორიგინალი, მისივე თქმით, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

TV პირველის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელია. ავთანდილ წერეთელი ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რომელზეც მთავარი პროკურატურა TBC-ის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ედავება. სწორედ ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

რა წერია წერილში: 

"დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის,თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები. 


ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან). 

2. მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი). 

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. 

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე;

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის," - წერია წერილში. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა შს მინისტრს გიორგი გახარიას, პროკურორი ამბობს, რომ "გამოძიება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ობიექტური სურათის შესაქმნელად, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ჩვენ გვაქვს ე.წ დოკუმენტი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, იგი არის ასლი და მითუმეტეს, ბატონი ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს, ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე მოქმედების შესაძლებლობას".

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმაც, რომელაც მედიას უთხრა, რომ ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი მან შუამავლის საშუალებით მიიღო, ხოლო წერილი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოში მიიტანა "ამობეჭდილი იყო და მისი ამობეჭდვა ნებისმიერს შეეძლო".

14 თებერვალს თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულებულიყო. 

თავდაპირველად TBC ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.

ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

26 თებერვალს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა. 

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

კომენტარები