ქადაგიძე: ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს გამოძიებას

facebook.com/nbg.gov.ge

"ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს გამოძიებას" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე თქვა. ის TBC ბანკის საქმეზე უნდა გამოკითხონ.

გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია ყველაზე ადეკვატური გამოსავალი იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური საჯაროობა. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემის შემდეგ, უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებს.

"ის მოვლენები, რომლებიც TBC ბანკის ირგვლივ ვითარდება და კითხვები, რომლებიც ისმის, საჭიროებს პასუხებს ყველა მხრიდან. მხოლოდ ძალიან მაღალი სტანდარტის საჯაროობა არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გაცდა კონკრეტული ბიზნესჯგუფის ან ადამიანების არეალს და წამოადგენს გაცილებით დიდი საჯარო ინტერესის საგანს. 

მივესალმები მაქსიმალურ საჯაროობას ამ პროცესების. ასევე, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს, ვინაიდან ვნახეთ, რომ სწორედ საპარლამენტო კომიტეტზე გაისმა ყველაზე ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები.

დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს, მოქმედს, ყოფილს, წარსულს, ექსს და ა.შ აუცილებლად მოუწევს განმარტების გაკეთება ყველა კითხვასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება" - თქვა გიორგი ქადაგიძემ. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი TBC ბანკის საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურამ 6 მარტს დაიბარა. ქადაგიძემ უარი თქვა პროკურატურაში  მისვლაზე და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ საჯაროდ, მოსამართლის წინაშე მისცემდა. ამის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გიორგი ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც TBC ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

წაიკითხეთ, რას ყვება თავად მამუკა ხაზარაძე 2007-08 წლების ტრანზაქციებზე აქ.

პარტია ევროპულმა საქართველომ TBC ბანკის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები