TBC ბანკის საქმე

გიორგი ქადაგიძე საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან ამონარიდს ავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: ილიაუნი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც TBC ბანკის სადავო ტრანზაქციის დროს საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 7 მარტს საქალაქო სასამართლოში მისი დაკითხვიდან ამონარიდს ავრცელებს. 

ქადაგიძემ ამონარიდი Facebook-ის საშუალებით გაავრცელა:

"პროკურორი: რა ფუნქციები ქონდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2008 წელს?

მე: სააგენტოს ფუნქციები გაწერილია კანონში და შესაბამის ნორმატიულ აქტებში.

პროკურორი: თქვენი სიტყვებით გვითხარით.

მე: სააგენტოს ფუნქცია იყო კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

ასეთი ამბავი იყო ძირითადად, უფრო სერიოზულად კი ცოტა მოგვიანებით შეგაწუხებთ". 

საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ქადაგიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორც სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ხედავდა თუ არა ამ სადავო ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნებს. 

"როგორც ყოფილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, შემიძლია, ვთქვა, რომ თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია,"- ამბობს ქადაგიძე. 

ქადაგიძის შეფასებით, საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია აქვს, როგორც პროკურატურისგან, ისე TBC ბანკისგანაც. მისი შეფასებით, არ არსებობს ამ საქმეში არანაირი სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაცია. ქადაგიძე ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ბანკისთვის ზიანის მიყენება შეეძლო, უკვე გასაჯაროვებულია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გამოკითხვა დასრულდა. მისი თქმით, პროკურატურის კითხვები ეხებოდა ორ საკითხს - რა ფუნქციები ჰქონდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს და ახსოვდა თუ არა TBC ბანკის 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს, ომის შემდეგ, ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი მიზანი ფინანსური სექტორის გადარჩენა იყო.

"მე ამაყი ვარ იმით, რომ იმ პერიოდში მომიწია ხელმძღვანელობა. ჩვენ მოვახერხეთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ისე, რომ მეანაბრეების არც ერთი თეთრი არ დაკარგულა" - თქვა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციითვე, 2008 წლის 2 სექტემბერს TBC ბანკის შემოწმების აქტი არ ეხებოდა იმ კონკრეტულ ტრანზაქციას, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

"ეს აქტი არის აქტივების ხარისხის შეფასება.... ამ კონკრეტულ აქტში განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე" - ამბობს ქადაგიძე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

"ყველაფერი უნდა იყოს საჯარო და არა ეპიზოდურად და მესამე პირში გადმოიცემოდეს" - თქვა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ფორსმაჟორიდან გამომდინარე, 2008 წლის 2 სექტემბერს ხომ არ გამოეპარათ ზედამხედველებს ის ტრანზაქცია, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ქადაგიძე პასუხობს - "გამოვრიცხავ, რომ ზედამხედველებს თავისი მანდატის ქვეშ რამე გამოპარვოდათ, გამოეჩინათ გულგრილობა ან რაიმე ფორმით არ გაეტარებინათ ის სადამსჯელო ღონისძიებები, რაც კანონით იყო გათვალისწინებული".

გიორგი ქადაგიძე TBC ბანკის საქმეზე გამოკითხვაზე პროკურატურამ 6 მარტს დაიბარა. ქადაგიძემ უარი თქვა პროკურატურაში  მისვლაზე და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ საჯაროდ, მოსამართლის წინაშე მისცემდა. ამის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გიორგი ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როდესაც TBC ბანკმა სადავო ტრანზაქცია განახორციელა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

წაიკითხეთ, რას ყვება თავად მამუკა ხაზარაძე 2007-08 წლების ტრანზაქციებზე აქ.

პარტია ევროპულმა საქართველომ TBC ბანკის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები