ქალთა უფლებადამცველები

ქალთა უფლებადამცველები: დადგა დრო, სექსუალურ ძალადობასა და შანტაჟს დაერქვას თავისი სახელი

0 კომენტარი
ფოტო: ქალთა მოძრაობა

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

უფლებადამცველები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ბევრ სფეროში გაუმჯობესდა, პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში ქალის (მათ შორის, ტრანსგენდერი და ლესბოსელი ქალის) სექსუალობის მიმართ დამოკიდებულება, სტერეოტიპული შეხედულებები და ტაბუები კვლავ მძიმეა. უფლებადამცველები ასევე წერენ, რომ ამასთან დაკავშირებული დანაშაულები ხშირად ტრადიციისა და კულტურის ნაწილად აღიქმება. 

"ქალთა მოძრაობა" და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მიმართავენ ქალებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა, ქალთა უფლებების დამცველებს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო ორგანოებს (შსს, პროკურატურა, სასამართლო, ჯანდაცვის სამინისტრო), სერვისების გამწევ ორგანიზაციებსა და მედიას, რომ დაიწყოს დისკუსია/მუშაობა "სექსუალური ძალადობის ხილვადობის გაზრდის, ქალის სექსუალობის პოზიტიურად წარმოჩენისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ზომების მისაღებად". 

გთავაზობთ ქალთა მოძრაობისა და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებას სრულად:

"საქართველოში, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2014 წლის შემდეგ, მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, "ქალთა მოძრაობა" და სხვა აქტივისტური ჯგუფები აქტიურად ითხოვდნენ ფემიციდის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ქალთა უფლებების სხვა დარღვევების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას, აღნიშნულ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობასა და ცნობიერების ამაღლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სფეროში გაუმჯობესდა კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა, საქართველოში ქალის (მათ შორის ტრანსგენდერი და ლესბოსელი ქალის) სექსუალობის მიმართ დამოკიდებულება, სტერეოტიპული შეხედულებები და ტაბუები კვლავ მძიმეა, ხოლო მათთან დაკავშირებული დანაშულები ხშირად ტრადიციისა და კულტურის ნაწილად აღიქმება.

დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალები შერცხვენის ობიექტები ხდებიან, თუკი ისინი საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე ან ნებისმიერი სახით გამოხატავენ მას. საზოგადოება ქალებს სექსუალური ცხოვრების დაწყებამდეც კი ასწავლის, რომ მათ საკუთარი სექსუალობის რცხვენოდეთ. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში გავრცელება, სექსუალური შევიწროების შესახებ ხმამაღლა საუბრის კრიტიკა და უფლებებისთვის საბრძოლველად დამატებითი ბარიერების შექმნა.

გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს სექსუალური ხასიათის დანაშაულები, რომლის მიმართ საზოგადოებაც ბრმაა და კანონიც იშვიათად აღსრულდება. ასეთებია - ცოლის მიმართ სექსუალური ძალადობა, 16 წლამდე ბავშთან სექსუალური კავშირის დამყარება, ბავშვთა ე.წ. ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები, სექსმუშაკების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა და სხვა.

დადგა დრო, ქალების სექსუალობის კონტროლთან და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა გახდეს პრიორიტეტი ქალთა უფლებადამცველების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამათავრობო ორგანიზაციებისთვის!

დადგა დრო, სექსუალურ ძალადობასა და ქალის შანტაჟს დაერქვას თავისი სახელი!

სექსუალური ძალადობა და ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული დანაშაულები, ძალადობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ისევ უკავშირდება სირცხვილსა და სტიგმას. ქალები, რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადეს, ამ საკითხზე არ საუბრობენ, რადგან მათ ზურგს აქცევს ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო. ძალადობის მსხვერპლი მიიჩნევა „ღირსებადაკარგულად’’, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავის, როგორც მძიმე დანაშაულის ჩამდენის განსჯა და დასჯა ხდებოდეს. თავად სიტყვა „გაუპატიურებაც“ კი, სამწუხაროდ, მსხვერპლის “პატივის აყრაზე” აკეთებს აქცენტს.

სექსუალური ძალადობა ყოველთვის მოძალადის და არა მსხვერპლის ბრალია. ქალის ჩაცმულობა, საქმიანობა, ცხოვრების წესი თუ სხვა ატრიბუტი არასოდეს არის სექსუალური ძალადობის გამართლება!

ნაცვლად იმისა, რომ სექსუალურ ძალადობას სათანადო პასუხი გაეცეს, სექსუალობა ქალის წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად გამოიყენება. დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება ქალის დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია. 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ამის მიუხედავად, მაგალითად, 2016 წელს გაუპატიურების მხოლოდ 13 საქმე განიხილა სასამართლომ, სადაც 1 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2017 წელს სასამართლომ მხოლოდ 5 საქმე განიხილა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2018 წელს 8 საქმის განხილვა მოხდა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა.

დღეს:
O სექსუალურ ძალადობაზე არსებული კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორიო სტანდარტებს;
O სექსუალური ძალადობის თაობაზე ქალები იშვიათად ატყობინებენ პოლიციას. დანაშაულების სათანადო გამოძიება იშვიათად ხდება;
O სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად არაადეკვატურად ბევრი მტკიცებულებაა საჭირო. მსხვერპლის მონათხრობის ხშირად არ სჯერათ. სამართლებრივი პროცესები უკიდურესად ტრავმულია. შედეგად, სექსუალური ძალადობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ისჯება;
O 16 წლამდე გოგოს მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა ხშირად ნებაყოფლობით კავშირად კვალიფიცირდება. ეს ბავშვის დამატებით სტიგმატიზაციას ახდენს;
O ცოლის/სექსუალური პარტნიორის, სექსმუშაკის, შშმ ქალის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა იშვიათად სრულდება პოლიციისთვის მიმართვით ან დამნაშავის დასჯით.
O ქალების მიერ საკუთარი სექსუალობის გამოხატვა სირცხვილად, მაპროვოცირებეულ აქტად და გამოწვევად განიხილება, მათ შორის სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობა-გამოვლილი ქალის შემთხვევაშიც კი;

შესაბამისად, “ქალთა მოძრაობა” და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მიმართავენ - ქალებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა; ქალთა უფლებების დამცველებს; სახალხო დამცველს; ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს; სახელმწიფო ორგანოებს (შსს, პროკურატურა, სასამართლო; ჯანდაცვის სამინისტრო); სერვისების გამწევ ორგანიზაციებს; მედიას - დაიწყოს დისკუსია/მუშაობა სექსუალური ძალადობის ხილვადობის გაზრდის, ქალის სექსუალობის პოზიტიურად წარმოჩენისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ზომების მისაღებად!"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები