ვასილ სოფრომაძე

სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს: კადრები მაქვს, თქვენი თანამშრომლები ფრესკოში რომ იპარავენ

Facebook/ Fresco

სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე Facebook-ზე პოლიტიკოსებისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

ვიდეოში სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ. 

"თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები როგორ იპარავენ ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების და ახალგაზრდა გოგონების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები. გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?,"- ამბობს ვასილ სოფრომაძე. 

ამასთან, ის ვიდეოში სვამს კითხვას, თუ რატომ არ იხდის მისი კონკურენტი სუპერმარკეტების ქსელი "კარფური" დამატებითი ღირებულების გადასახადს. 

"ხშირად მსმენია, რომ არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და არცერთ სხვა ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესები. ვეთანხმები ამას. ეს სწორია, როდესაც ჩემი კონკურენტი "კარფური" დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში, ეს ჩემი ბრალია? და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა?" - კითხულობს ვასილ სოფრომაძე. 

ვიდეომიმართვაში ფრესკოს მფლობელი ასევე ამბობს, რომ მან იცის, რომ შესაძლოა, იმის გამო, რაც მან თქვა, პასუხი მოსთხოვონ. 

"არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას თქვენი გაგებით შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სად არის ჩემი სათაო ოფისი ხომ იცით? ყველა ჩემი საქმე ხომ იცით? ყველა ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? გელით, მე გელით" - ამბობს სოფრომაძე. 

სოფრომაძის ვიდეომიმართვის ინსპირაცია პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ 6 მარტს გაკეთებული განცხადება გახდა. პარტიამ TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენებს მიმართა და დუმილის გამო მათ მშიშრები, ფარისევლები, კრონი-ბიზნესმენი და "ცეხავიკის" ფსიქოლოგიის მქონეები უწოდა. ვასილ სოფრომაძის ვიდეო სწორედ ამ წერილის წაკითხვით იწყება და შემდეგ უკვე ხელისუფლების კრიტიკით გრძელდება. 

კომენტარები