ვენესუელა

რამდენიმე დღეა ვენესუელის უმეტეს ნაწილს, მათ შორის დედაქალაქს, ელექტროენერგია არ მიეწოდება

AFP

7 მარტიდან ვენესუელის უმეტეს ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ კარაკასს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ამის გამო გადაიდო ფრენები კარაკასის აეროპორტში.

ნიკოლას მადუროს რეჟიმი ამას ოპოზიციას აბრალებს და ამბობს, რომ ისინი საბოტაჟს აწყობენ.

ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს თქმით კი ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვით მადუროს ქაოსის და შფოთის დათესვა და მოსახლეობის დაშინება სურს, რაც "უზურპატორის არაეფექტურობაზე მიუთითებს".

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც:

"ელექტროენერგიის გათიშვა ვენესუელის მოქალაქეებს ვნებს და ეს აშშ-ის ბრალი არ არის. ეს კოლუმბიის ბრალი არ არის. ეს ეკვადორის ან ბრაზილიის, ევროპის ან სხვა რეგიონის ბრალი არ არის. ელექტროენერგიის შეზღუდვა და შიმშილობა მადუროს რეჟიმის არაკომპეტენტურობის ბრალია." დაწერა მან.

ვენესუელა ელექტროენერგიას ნავთობის ნაცვლად ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს, თუმცა მათ უმეტესობას რენოვაცია სჭირდება და ინვესტიციის არარასებობის გამო ელექტროენერგიის შეზღუდვა ბოლო წლებში ხშირი მოვლენაა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ჰუმანიტარული დახმარების დასაბლოკად მან ბრაზილიასთან საზღვარი სრულად, ხოლო კოლუმბიასთან ნაწილობრივ ჩაკეტა.

ხუან გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები