საბანკო რეგულაციები

"სული კბილით გვიჭირავს" - სესხების გაცემის შეზღუდვამ ბიზნესი დააზარალა

თიკო ერაძე
0 კომენტარი

"სული კბილით გვიჭირავს," "ენით უთქმელ და არასდროს რომ არ ვყოფილვართ, ისეთ მდგომარეობაში ვართ", "კვირები გადის ისე, რომ ერთი ნივთიც არ იყიდება", "დაქცეულები ვართ ყველა, მთელი საბა" - ამის შესახებ ტაბულას სავაჭრო ცენტრ კიდობანში და საბაში ტექნიკითა და ავეჯით მოვაჭრე მცირე მეწარმები უყვებიან.

მოვაჭრეების თქმით, სესხების გაცემაზე რეგულაციების შემოღების შემდეგ, გაყიდვების რიცხვი 70-80%-ით შეუმცირდათ, რადგან პროდუქტს ძირითადად განვადებებით ყიდდნენ, ახლა კი ბანკები გავნადებას საშუალოდ 10 მყიდველიდან, მხოლოდ ერთს უმტკიცებენ. მეწარმეები ამბობენ, რომ მათი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურთ, თუმცა, ტაბულას იმ პრობლემებზე ესაუბრებიან, რაც მათ სესხებზე რეგულაციების გამკაცრების შემდეგ შეექმნათ.

მეწარმე N1: ენით უთქმელ და არასდროს რომ არ ვყოფილვართ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. დღეები და კვირები გადის ისე, რომ ერთი ნივთი არ იყიდება. 10 გაყიდულიდან 7 განვადება იყო. ადამიანი თუ შემოვიდა და რამე იკითხა მაინც, ეგეც გვიხარია. იციან, რომ აღარ დაუმტკიცდებათ განვადება და აღარც დადიან. სული კბილით გვიჭირავს, რომ როგორმე ქირა მაინც გადავიხადოთ. ქირასაც ვეღარ ვიხდით, სახლიდან ვამატებთ ფულს. ბევრი მაღაზია დაიხურა უკვე.

მეწარმე N2: დაქცეულები ვართ ყველა, მთელი საბა, საერთოდ არ არის მუშაობა. ყველას სახელით გეუბნებით, ყველას იგივე მდგომარეობა აქვს აქ. ვმუშაობდით განვადებებზე, ხალხი მოდიოდა ნაწილს იხდიდა ფულს, ნაწილს განვადებით აკეთებდა. ძალიან მაგრად ვმუშაობდით განვადებებზე. ყველამ იცის რომ აღარ კეთდება განვადებები და აღარც მოდიან.

მეწარმე N3: თვეში თუ იყიდებოდა 10 ნივთი, ახლა ერთი შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ. ბანკის გოგოებთან რომ ახვიდეთ, მთელი დღე ტყუილად სხედან, თან ბონუსებზე მუშაობენ. მთელი დღე რომ უყუროთ, ნახავთ რომ ერთი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს, ვსხედვართ მარტო თანამშრომლები. რამე თუ არ შეიცვალა დაღუპულები ვართ. 3 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს აქ და ყველას კატასტროფული მდგომარეობა აქვს. ვფიქრობ სად გავიქცე, დიდი ხარჯები გვაქვს. მთელი თვის მანძილზე სამი პუფის მეტი არაფერი გამიყიდია. როგორც კი ძალაში შევიდა მომენტალურად შემცირდა გაყიდვები, ასეთი ცოტა გაყიდვა არ გვახსოვს. ყველა ასეთ დღეშია აქ.

მეწარმე N4: მაღალფასიან საქონელს ძირითადად განვადებით ვყიდდით და ახლა 10-დან ერთს თუ დაუმტკიცდა განვადება ეგ არის მაქსიმუმი. ხალხი არ მოდის საერთოდ.

სავაჭრო ცენტრ საბაში მყიდველის სიმცირე მართლაც თვალშისაცემია, როგორც თავადაც ამბობენ, შეიძლება დღის განმავლობაში ერთი მყიდველიც კი არ შევიდეს მაღაზიაში. 

რეგულაციების შემოღებამდე და შემდეგ გაყიდვებს შორის განსხვავება, კარგად ჩანს მეწარმეების მიერ წარმოებულ ჩანაწერებში. რვეულში, სადაც ისინი გაყიდულ საქონელს აღრიცხავენ იანვრის შემდეგი გრაფები ცარიელია.

მდგომარეობა ანალოგიურია სადგურის მოედანზე მდებარე მობილურების ჯიხურებში. მოვაჭრეები, ვინც შედარებით მაღალფასიან ტელეფონებზე მუშაობენ, ყვებიან, რომ ტელეფონებს საერთოდ ვეღარ ყიდიან, რადგან გაყიდული პროდუქტის ძირითადი წილი განვადებებზე მოდიოდა.

მეწარმე N5: საერთოდ აღარ იყიდება ტელეფონები, ჩვენ ძვირიანი ტელეფონები გვაქვს და განვადებაზე ვმუშაობდით. ბევრმა დახურა მაღაზია და დაანება თავი ტელეფონების გაყიდვას. აღარც ვავსებინებთ უკვე განვადების ფურცელს, აზრი არ აქვს.

მეწარმე N6: ძალიან რთული პირობებია, თითქმის არავის უმტკიცებენ განვადებას, მაგრამ მოსახლეობისთვის კარგია ალბათ. 70 %-ით შემცირდა დაახლოებით გაყიდვები. ვიტანთ, ვითმენთ. სამომავლოდ, ეკონომიკური თვალსაზრისით ალბათ კარგია, არ ვიცი.

„შემცირდა არ ჰქვია, მოკვდა, ასე დაწერეთ პირდაპირ.“ - ეუბნებიან ტაბულას სავაჭრო ცენტს კიდობანში მომუშავე ადამიანები. მათი თქმით, რეგულაციების შემოღების შემდეგ თვეში ერთ ან ორ ნივთს ყიდიან, მაშინ როცა მხოლოდ ხარჯების გადასახდელად მინიმუმ 7-8 პროდუქტის გაყიდვაა აუცილებელი. 

ეწარმე N7: შემცირდა არ ჰქვია, მოკვდა, ასე დაწერეთ პირდაპირ. შეზღუდვა რომ გამოვიდა მას შემდეგ ერთი თუ ორი განვადება დამტკიცდა. განვადებებით იყიდებოდა თითქმის ყველაფერი. წინა თვეში მაგალითად სულ ორი ნოუთბუქი გავყიდეთ. ხარჯები რომ გავისტუმროთ თვეში 7-8 ნივთი უნდა გავყიდოთ მინიმუმ. ასე თუ გაგრძელდა წავალთ სოფელში და დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას. წინა თვეები სულ მინუსი იყო.

მეწარმე N8: 70%-ით შემცირდა გაყიდვები იმის გამო, რომ განვადებებს აღარ უმტკიცებენ. კარგი ისტორიაც რომ ჰქონდეთ მაინც არ უმტკიცებენ. ძალიან ბევრი მაღაზია დაიკეტა და კიდე ბევრი დაიკეტება.

მეწარმე N9: მომხმარებლები აღარ დადიან მაღაზიებში, რადგან იციან მაინც არ დაუმტკიცდებათ. ნახეთ რა სიტუაციაა, არავინ დადის საერთოდ. თუ მოდის მომხმარებელი ავსებს განაცხადს ყველა ბანკში ნახევარ დღეს კარგად და ბოლოს მაინც არ უმტკიცებს არცერთი.

მეწარმე N10: უკიდურესად გართულებულია სიტუაცია, ასე თუ გაგრძელდა გაკოტრებამდე მივა მაღაზიები. სადღაც 80 %-ით შემცირდა ვაჭრობა.

მეწარმე N11: შემცირდა გაყიდვები ძალიან, 70 %-ით. თუ ვყიდდით 5-6 ტელეფონს დროის რაღაც მონაკვეთში, ახლა ორსაც ვერ ვყიდით. თუ იყიდება, ისიც 200-300 ლარიანი ტელეფონები. ძვირიან ტელეფონებს აღარავინ ყიდულობს.

სესხებზე მკაცრი რეგულაციების შემოღების შედეგად გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ ტექნიკის ქსელურ მაღაზიებშიც. თუმცა, მათი ნაწილი ამბობს, რომ განვადებების შემცირება გაყიდვებზე არ ასახულა, რადგან ნაღდი ფულით საქონლის შეძენის მაჩვენებელი გაიზარდა. კომპანიების კიდევ ერთ ნაწილს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ სურს.

ტექნობუმის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ რამდენიმე მაღაზია შემცირებული გაყიდვების გამო დახურა, რაც პირდაპირ კავშირშია სასესხო რეგულაციებთან.

„გაყიდვების შემცირება პირდაპირ უკავშირდება სესხების რეგულაციების გამკაცრებას, რამდენიმე მაღაზია დავხურეთ - ძირითადად, რეგიონებში,“ - ამბობს ქოქოლაძე.

კონკრეტულ რიცხვებს ვერ ასახელებენ, მაგრამ იმას, რომ გაყიდვების თვალსაზრისით კლება არის, ადასტურებენ ალტა ოკეი-ში. „ისეთი დრამატული არ არის, რომ ფარ-ხმალი დავყაროთ და ვმუშაობთ, იმედი გვაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია.“

ელიტ-ელიტრონიქსში ამბობენ, რომ გაყიდვებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი ცვლილებები არ აქვთ და იმავე შემადგენლობით აგრძელებენ მუშაობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ „ეს რეგულაციები, ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განსხვავებული შედეგების მომცემი იქნება, არა მარტო ჩვენი ბიზნესისთვის.“

ზუმერში თვლიან, რომ რეგულაციების შემოღებიდან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისთვის, რომ შედეგებზე ისაუბრონ. „მივყვებით ჩვენს მიერ დადგენილ გაყიდვების გეგმას. ჩამორჩენა არ გვაქვს. არ გვქონია არანაირი კლება. განვადება რომ შემცირდა გაიზარდა "ქეშით" რეალიზაცია,“ - ამბობენ ზუმერში.

ტექნიკის მაღაზიების ერთერთი ქსელის მარკეტინგის მენეჯერი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა კომპანიასთან ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტის გამო არ სურს (ის სამსახურს ტოვებს), ტაბულასთან საუბარში ყვება, რომ მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობისგან ჰქონდა დავალება, რეგულაციების შემდეგ შექმნილი პრობლემებისა და შემცირებული გაყიდვების შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. ტაბულას წყარო ამბობს, რომ კომპანიები მთავრობასთან ღია დაპირისპირებას ერიდებიან.

„ჩვენს კომპანიაში არის ასეთი პოზიცია და ყველგან მსგავსია, რომ მთავრობასთან ასე პირდაპირ დაპირისპირება არავის აწყობს. ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობა და პირადად მეც ვკრძალავდი ამ თემაზე საუბარს, რადგან ჩვენც გვქონდა ზემოდან დავალება, რომ ასე ხმამაღლა აპელირება ამ თემაზე არ უნდა გაგვეკეთებინა. რეალური შედეგები ძალიან ცუდი დადგა ყველა კომპანიისთის. დავკეტეთ ერთი მაღაზია და უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ჩვენი კომპანიაც გაიყიდა და ვინც ვიყავით ძველი კადრები, მმართველი გუნდი ასე ვთქვათ წამოვედით. რეგულაციებიდან გამომდინარე დადგა ეს შედეგი.

კომპანიას ზრდა ჰქონდა ბაზარზე და ამ რეგულაციების შედეგად, იმ დონემდე მივიდა, რომ გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ. წარმოუდგენელია რომ ამბობენ, ქეშით გაყიდვები გაიზარდაო. ძალიან რთულ მდგომარეობაში არის ბევრი კომპანია, ვიღაცებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაყიდეს კომპანიები, რომ ხელფასები გადაეხადათ და არ დაშლილიყვნენ. ჩვენი კომპანია ყველანაირად მომზადებული იყო ამ რეგულაციებისთვის, მაგრამ მაინც რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით. ეკონომიკის და ბაზრის ჩამოქცევა არის ეს რეგულაცია,“ - ამბობს წყარო ტაბულასთან საუბრისას.

განვადებების შემცირების ქეშით გადახდით დაკომპენსირების შესაძლებლობას, არარეალურს უწოდებს Cat Phone Georgia-ს დამფუძნებელი ზაზა ასათიანი. ასათიანი ამბობს, რომ როგორც მისი, ისე სხვა კომპანიების შემთხვევაში გაყიდვები მკვეთრად შემცირდა და კომპანიებმა უკვე შიდა განვადების სერვისების დანერგვაზე დაიწყეს ფიქრი. აღსანიშნავია, რომ CAT-ი თავის პროდუქციას სწორედ ტექნიკის დიდ მაღაზიებში ყიდის.

„რეგულაციამ დაგვაზარალა ისევე როგორც სხვები, დაახლოებით 35 %-ით არის გაყიდვები შემცირებული. განსაკუთრებით აისახა ძვირადღირებულ პროდუქტზე. ჩვენ მობილური ტელეფონების დისტრიბუტორები ვართ, ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია ტექნიკის დიდ ქსელებში და რადგან იქ განვადებებს აღარ ამტკიცებენ, გაყიდვებს პრობლემა შეექმნა. მყიდველების ნაკადები შემცირდა, მსურველები არიან, მაგრამ ბანკები უარს ამბობენ. რამდენიმე ბანკმა განვადება, როგორ პროდუქტი, საერთოდ შეაჩერა. ლიბერთი ბანკთან მქონდა შეხება, ონლაინ მაღაზიაც გვაქვს და ლიბერთი ბანკმა მითხრა, საერთოდ ჩახსენი ჩვენი განვადებაო, როგორც პროდუქტი საერთოდ აღარ გვაქვსო. ვიცი, რომ დიდი კომპანიები შიდა განვადებების დაწესებაზე ფიქრობს. ის, რომ განვადებების შემცირება ქეშით გადახდით დაკომპენსირდა არის ზღაპარი, ამ სფეროში ვარ 15 წელია და ზუსტად ვიცი ვინ რას როგორ და რამდენს ყიდის,“ - ამბობს ასათიანი.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები