სოციალური მუშაკების პროტესტი

ყველა შემთხვევა გადაუდებელია, ამიტომ ცუდიდან უარესს ვირჩევთ - სოციალური მუშაკების პროტესტი

თამთა ნაჭყებია
0 კომენტარი

2017 წლის ზამთარი იყო, შაბათი საღამო. ყინავდა. 23 წლის სოციალურ მუშაკს, სოფო ხვთისიაშვილს პატრულმა დაურეკა და დახმარება სთხოვა. ახალგაზრდა ქალს, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავები ბინიდან ქირის გადაუხდელობის გამო ასახლებდნენ. უმცროსი შვილი 6 თვის იყო და ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებებოდა. ქალს დამხმარე არავინ ჰყავდა. ქმარმა რამდენიმე თვით ადრე მიატოვა.

“სასოწარკვეთილი იყო, არც საკვები ჰქონდა, თვითონ კი ვერ მუშაობდა, რადგან ბავშვებს მარტო ვერ ტოვებდა", - იხსენებს სოფო.

სოფო იმ დროს გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის თანამშრომელი იყო. ის 2016 წლიდან მუშაობდა სოციალურ მუშაკად და 2 წლის განმავლობაში მრავალ მძიმე შემთხვევასთან მოუწია გამკლავება. მან და სხვა არაერთმა მუშაკმა სამსახური მწვავე სისტემური პრობლემების გამო დატოვეს, რის გამოც არაერთი შემთხვევა მძიმე შედეგებით სრულდება. სოციალური მუშაკების თქმით, გაუმართავ სისტემაში თითოეულ მუშაკს თვეში 80-დან 150-მდე საქმე ეწერება.

“დავუკავშირდი თავშესაფარს, სად შეიძლებოდა ამ ქალის და ბავშვების გადაყვანა და აღმოჩნდა რომ თბილისში არსად არ იყო ადგილი. რამდენიმე დღე ან თვე ეს ბავშვები ქუჩაში რჩებოდნენ. ადგილი იყო რეგიონში, თუმცა იმის გამო, რომ იყო შაბათი, თან საღამო, მანქანას ვერ გამომიყოფდნენ, რომ ეს ოჯახი გადამეყვანა,” - იხსენებს სოფო. 

ფოტო: სოფო ხვთისიაშვილი
ბავშვებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, ქალი თანახმა იყო, ისინი სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ გადაეყვანათ.

“რადგან უმცროსი ბავშვი იყო 6 თვის და ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებებოდა და ორივე ბავშვი დედას იყო მიჯაჭვული, მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა ვერ გამომიყვეს, ბავშვებს დედას ვერ დავაშორებდი და ტრავმას ვერ მივაყენებდი", - იხსენებს სოფო.

მან ბინის მეპატრონეს სთხოვა, რომ კიდევ 1 თვე გაეჩერებინა ოჯახი. რადგან 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მისი ქუჩაში გაშვება სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო, მეპატრონე დათანხმდა.

სოფიმ ოჯახის დახმარება დაიწყო.

"დავწერეთ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის ბაღში ბავშვების ჩარიცხვაზე, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება, რიგში უნდა ჩადგე. სანამ ბავშვები ბაღში ჩაირიცხებოდნენ და ამ ქალს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე მშივრები ხომ არ დაიხოცებოდნენ. ჩავრთე პროგრამაში, რომელსაც ჰქვია მწვავე კრიზისი, თუმცა მაშინ, იმ მწვავე კრიზის დროს ნამდვილად არავინ დახმარებია ამ ქალს", - ყვება სოფო.

სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც სოფო საუბრობს, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას. ის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით (მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტებით) და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას გულისხმობს.

“ამასობაში სოციალურად დაუცველის შემწეობაზე დაწერა განცხადება. ასე თანხის ჩარიცხვასაც სჭირდება მინუმუმ 2 თვე. ყველაფერი ბიუროკრატიულად გაწელილია. მე ვყიდულობდი პურს ჩემი ჯიბიდან, რამდენჯერმე პატრულმაც ამოუტანა საჭმელი," - ყვება სოფო.

ქალი ქირას მაინც ვერ გადაიხდიდა და 1 თვის შემდეგ მაინც აღმოჩნდებოდა ქუჩაში. შემდეგ სხვაგან გადავიდა და ბინის სხვა მეპატრონემ გაუწია დახმარება.

“მათ კეთილშობილებაზე - პატრულის, ჩემი და იმ ბინის გამქირავებლის დახმარებაზე იყო ოჯახის ბედი დამოკიდებული", - ყვება სოფი. ვინაიდან დედა მზრუნველი და ყურადღებიანი იყო, სოციალურმა მუშაკმა ოჯახი არ გაყო.

ქალმა შეძლო ფეხზე დადგომა. სახლებს ალაგებდა. ბავშვები მალევე ჩაირიცხნენ World Vision-ის ბაღში და მუშაობა დაიწყო.

“ვინმე რო არ ამორიცხულიყო იმ ბაღიდან, ვერ გადაიხდიდა ფულს და ისევ ქუჩაში დარჩებოდნენ ან მაშინ უკვე გამომიყოფნდნენ მანქანას და გადავიყვანდი 3 თვით თავშესაფარში სხვა რაიონში," - ამბობს სოფო.

World Vision-ის ბაღში სულ მარტოხელა დედებს დაჰყავთ ბავშვები და 8 საათამდე იტოვებენ, ზაფხულის ბაღიცაა. იქ სხვა ქალებმა დააკვალიანეს და დააწყებინეს დამლაგებლად მუშაობა.

“ინტერნეტი, კომპიუტერი რა თქმა უნდა არ ჰქონდა. მე ვუბეჭდავდი CV-ს, რომ სხვადასხვა ადგილას მიეტანა. ისიც არ იცოდა, CV რა არის, როგორ უნდა გააკეთო, სად უნდა დატოვო და შენ ამის დრო სად გაქვს, აგერ სხვა შემთხვევაზე, სექსუალურ ძალადობაზე გირეკავენ. მე არ მეზარებოდა, მაგრამ დრო არ გაქვს, რომ ყველაფერზე სიღრმისეულად იმუშაო. ყველა შემთხვევა მნიშვნელოვანია, ყველა გადაუდებელია და ამ დროს ყველაზე ცუდიდან უარესს არჩევ” - იხსენებს სოფი.

მან რესურსების არარსებობის და გაუმართავი სისტემის გამო ორი წლის თავზე სამსახური დატოვა.

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრიდან წამოვიდა სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავაც, რომელიც ტაბულასთან ასევე მძიმე შემთხვევებს იხსენებს.

“სერვისების არარსებობს გამო ზოგჯერ ბავშვების ინტერესების უგულებელყოფა გვიწევს"

“ხანდაზმული - სოციალურად დაუცველი არ იყო, ქულა არ ჰქონდა შესაბამისი. ჰქონდა სახლი, თავშესაფარი, მაგრამ სრულიად მარტო იყო. ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და მოვლა სჭირდებოდა, შინ მოვლის პროგრამაში ჩართულიყო. შინ მოვლის პროგრამა დამოკიდებულია ქულებზე. ვისაც დავუკავშირდით, ყველამ თქვა, თუ ქულა არ ექნება, შინ მოვლის სერვისს ვერ მიიღებსო. მინიმუმ ორი თვეა საჭირო, რომ ქულა დაითვალონ. პანსიონატებშიც ვერ ჩარცხავ, თუ ქულა არ აქვს" - ყვება ბანძავა.

მარიამ ბანძავა ფოტო: მარიამ ბანძავა
შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში საჭიროების მქონე ადამიანთან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდიან მომვლელები, აწესრიგებენ მის ჰიგიენურ მდგომარეობას და აკმაყოფილებენ სხვა საჭიროებებს - ასმევენ წამლებს, უკეთებენ გადასხმებს და სხვა.

თუმცა, შინ მოვლის პროგრამაში ჩართვასაც სათანადო ქულა და სოციალურად დაუცველის სტატუსი სჭირდება, რაც ამ ხანდაზმულ ქალს არ გქონდა.

“სერვისის მიღებამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თვენახევარში ეს ქალი გარდაიცვალა. არავინ არ ჰყავდა, მხარდაჭერის სერვისიც არ მუშაობს,” - იხსენებს მარიამი.

შინ მოვლის სხვა სერვისი არ არსებობს.

ხანდაზმულებისთვის, ვისაც თავის მოვლა არ შეუძლია, რიგი სერვისები არსებობს, თუმცა, სოციალური მუშაკები ყვებიან, რომ მათით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელია. არის პანსიონატები, რომელშიც ჩარიცხვას რიგში წლობით დგომა სჭირდება და როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, შეიძლება ადამიანი ისე გარდაიცვალოს, რიგმა არც მოუწიოს.

სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვას კი აუცილებლად სოციალურად დაუცველის სტატუსი სჭირდება, თუმცა, აქ ჩარიცხვასაც დიდი დრო სჭირდება.

“სათემო ორგანიზაციებიც არ იღებენ ისეთ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია ან მწვავე ინფექციური დაავადება აღენიშნება. თუ ახლობელი არ ჰყავთ, ასეთი ადამიანები რჩებიან ქუჩაში ან თავიანთ სახლში, მაგრამ ყველაფრის გარეშე,” - ყვება მარიამი.

როცა მსგავსი სიტუაციაა,  თუ ძალიან გადაუდებელი შემთხვევაა და ადგილი არ არის ან სხვა პრობლემა გვაქვს, ერთი მონაზონია თბილისში, რომელსაც აქვს თავშესაფრის მსგავსი და მას ვთხოვთ ხოლმე, ადამიანი რამდენიმე კვირით შეიფაროს. სხვა თბილისში არავინ გვყავს. გადაუდებელ შემთხვევაში სახელმწიფოს მობილური და მოქნილი სერვისი არ აქვს,” ამბობს ის.

ის კიდევ ერთ მძიმე შემთხვევას იხსენებს. მიმღებ მშობელთან (ოჯახი, რომელიც უვლის ბავშვებს ანაზღაურების სანაცვლოდ) ორი ბავშვი მიჰყავდა - ერთი  13 წლის იყო, მეორე 14-ის. ერთი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების იყო.

“მიმღებ მშობლებს პრობლემები ჰქონდათ და 2 თვით ადრე გაგვაფრთხილეს, მოვლას ვეღარ შევძლებთ და ეს ბავშვები გადაიყვანეთო. 2 თვის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ვეძებდით მიმღებ მშობლებს, მაგრამ ვინაიდან ბავშვები არიან 10 წლის ასაკს ზევით, დიდები, აქედან ერთი შშმ, და-ძმა (და-ძმას ვერ დააშორებ) - მიმღები ოჯახი ვერ ვიპოვეთ", - იხსენებს მარიამი.

ბავშვების სკოლისგან და ნაცნობი გარემოდან მოწყვეტა და კახეთში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა მოუწიათ. მიმღები ოჯახიდან საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა დამატებით მატრავმირებელი გამოცდილებაა.

“ძალიან ცოტა არის გადაუდებელი მიმღები ოჯახები. ხშირად გვიწევს რამდენიმე ბავშვის ერთად წაყვანა. ერთხელ მე მყავდა ორი ახალშობილი ერთ ოჯახში. 3 და 4 ბავშვი გვყოლია ერთ ოჯახში, მაგრამ როცა ადგილი აღარ არის, რა უნდა ქნან. კანონით არის გათვალისწინებული, რომ რამდენიმე ბავშვის შემდეგ ვეღარ მიიღებს, ფიზიკურად ვეღარ შეძლებს მოვლას,” - ყვება მარიამი.

მარიამმა სამსახური ახლახან, 2019 წლის მარტიდან დატოვა, როგორც ამბობს, იმიტომ, სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვის ნაცვლად, მათ უხეშად დარღვევას აიძულებდა.

რა პასუხისმგებლობა აქვს სოციალურ მუშაკს და რამ გამოიწვია მათი პროტესტი

ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის
სოციალური მომსახურების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს ქვეუწყებაა. ის ადმინისტრირებას რამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას უწევს.

ამ და სხვა შემთხვევებიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკები სისტემის პრობლემების ძირეულად მოგვარებას ითხოვენ, რათა ეფექტურად მუშაობა და ბენეფიციარების დახმარება შეძლონ. ამბობენ, რომ არსებული პრობლემები ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის და იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარება არ კმარა.

ბენეფიციარები - სოციალურად დაუცველი ადამიანები, შშმ პირები, ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ადამიანები არიან. მთავარი თანამშრომლები კი - სოციალური მუშაკები, რომლებიც თითოეული ადამიანის პრობლემაზე ინდივიდუალურად მუშაობენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, დაკისრებული სამუშაოს შესრულება უჭირთ.

მიზეზი მრავალია: თვეში დაკისრებული ათობით ახალი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი, ბენეფიციარების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სერვისები (თავშესაფრების, ფსიქოლოგის, მიმღები ოჯახების  და სხვა) არარსებობა ან სიმწირე, რის გამოც მრავალი მნიშვნელოვანი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და ზოგ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება.

როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, ბენეფიციარების დახმარებას ხშირად სახელმწიფო სისტემის მიღმა, თავიანთი პირადი კონტაქტების, ფინანსური და სხვა რესურსის ხარჯზე, უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებენ.

"შემთხვევითობაა, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი არ კვდება”

2019 წლის 22 იანვარს ნაძალადევში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. მედია მეზობელზე დაყრდნობით 22 იანვარსვე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და რამდენჯერმე პოლიციაც იყო გამოძახებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბავშვზე სავარაუდო ძალადობის გამო ოჯახში პოლიცია 6 იანვარს იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 წლის გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ აცნობეს სოციალურ სამსახურს.

შსს-მ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ პოლიციამ დედა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დააკავა.

მომხდარის გამო 2 სოციალური მუშაკი და 2 უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

სოციალურმა მუშაკებმა ამ შემთხვევის შემდეგ პროტესტი დაიწყეს და სისტემაში არსებული მძიმე პრობლემების შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდნენ. როგორც თავად ამბობენ, ერთი სოციალური მუშაკი თვეში საშუალოდ 150 ახალ საქმეზე იწყებს მუშაობას.

სააგენტოს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, სოციალური მუშაკი, ქეთევან ხუციშვილი სისტემის ხარვეზების დეტალებზე საუბრობს:

ქეთი ხუციშვილი ფოტო: ქეთი ხუციშვილი
"ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას, იმიტომ რომ არ გვაქვს ტრანსპორტი, იმიტომ რომ არ გვაქვს სერვისები ბენეფიციარებისთვის, არ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება და პრობლემის წინაშე ყოველთვის ვდგავართ მარტო. არაფერი გვაქვს, რითაც უნდა აღსრულდეს პროფესიული მუშაობა.

როდესაც ბენეფიციარი ჩემთან მოდის, მე ვაფასებ მისი ცხოვრების ყველა ასპექტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის ირგვლივ ადამიანებს, მხარდამჭერ ქსელს, განათლების საკითხს. ეს ყველაფერი სოციალურმა მუშაკმა უნდა შეისწავლოს და ყველა მიმართულებით იმუშავოს.

შემდეგ აღმოჩნდება, რომ განათლებაში დახმარება სჭირდება - ვერ ვეხმარები ამ ადამიანს, სჭირდება ფსიქოლოგი - ფსიქოლოგი ქალაქში მხოლოდ ერთია, რეგიონებშიც თითო-თითო მხოლოდ სამხარეო ცენტრებში, თავშესაფარი სჭირდება - არ არის, ტრანსპორტის ფული - მე ჩემი ჯიბიდან უნდა გადავიხადო".

“სოციალური მუშაკი ცარიელი ხელებით ვერ იმუშავებს" - ამბობს ქეთი ხუციშვილი, პროტესტი დავიწყეთ იმიტომ, რომ ვგრძნობთ საშიშროებას, რომ სხვა შემთხვევებიც შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს".

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი​

ფოტო: გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი
სოციალური მუშაკების ნაწილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ახლა ყველაზე რთული ვითარება გლდანი-ნაძალადების სერვის ცენტრიშია. საქმეები ბევრია, გამკლავება - რთული. თითო სოციალურ მუშაკს თვეში 100-დან 150-მდე ახალი საქმე ეწერება.

“სოციალური მუშაკები, რომლებიც ტოვებენ სააგენტოს, ერთი მხრივ, ითავსებენ უფროსი სოციალური მუშაკის ფუნქციებს, მერე მხრივ დაკავებული არიან მიმდინარე საქმეების დასრულება-გადაბარებით და ახალ შემთხვევებზე (ძალადობა, პოლიციის მომართვა) დაუყოვნებელი რეაგირებით.

საქმეების რაოდენობიდან და სირთულიდან, ზედამხედველობისა და მხარდაჭერის არარსებობიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც საფრთხეს უქმნის ბენეფიციარების სიცოცხლეს.

მოცემულ სიტუაციაში მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა ბენეფიციარის: ბავშვის, ხანდაზმულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანის თუ სხვა საჭიროების მქონე პირის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომელთან აბსოლუტურ კრიზისამდე მიიყვანეს და ამავე კრიზისში დატოვეს სისტემა", - დაწერეს მათ ერთ-ერთ განცხადებაში.

კონკრეტული მოთხოვნები

ფოტო: სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის
სოციალურმა მუშაკების მოთხოვნათა ნაწილი:
  • გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა ყველა სერვის ცენტრში, რომ თითო სოციალურ მუშაკს თვეში მაქსიმუმ 50 საქმე დაეწეროს;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა;
  • გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა;
  • თითოეულ სოციალურ მუშაკს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და დოკუმენტების შესანახი დახურული სივრცე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით;
  • თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
  • ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილები იყვნენ სამედიცინო დაზღვევით და ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული სოციალური მუშაკების პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.

სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებისგან, ექსპერტებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იქნება შემდგარი და რომელიც გამოავლენს სისტემურ ხარვეზებს და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავს.

მინისტრის პასუხი

ფოტო: პარლამენტი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა, სწორედ სოციალური მუშაკების საკითხის განსახილველად.

მინისტრი მოვიდა. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას, რომელზეც სერგეენკო წარსდგა, სოციალური მუშაკებიც დაესწრნენ. მათ მინისტრს სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა, პასუხად მხოლოდ ზოგადი კომენტარები მიიღეს. როგორც ქეთევან ხუციშვილი ამბობს, მინისტრის პასუხები გაუაზრებელი და რეალობას აცდენილი იყო.

დავით სერგეენკომ თქვა:

"ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მოგახსენებთ, თუ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ: ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკები რეალურად მარტონი აღმოჩნდნენ და რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად, ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა”.

კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა სოციალური მუშაკების შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთანაც.

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარუმატებლად დასრულდა. თუ მომდევნო ერთ კვირაში, სულ მცირე, ორმხრივი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდება, სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები