ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 34,9%-ით შემცირდა

0 კომენტარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) რიცხვი 1 232,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 34,9%-იანი კლებაა. 2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 1 894,5 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

2013 წლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი ასეთი დაბალი არ ყოფილა.

2018 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვმა 197,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 62,3%-იან კლებას ნიშნავს. 2017 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში 522,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

წინა წელთან შედარებით, კლება ყველაზე მკვეთრი ტრასპორტის სექტორშია, სადაც ინვესტიციები 262.7 მლნ აშშ დოლარითაა შემცირებული. ნაკლები ინვესტიციები შემოვიდა ასევე მშენებლობის (179.5 მლნ აშშ დოლარით ნაკლები), უძრავი ქონების (92.2 მილიონით ნაკლები), ენერგეტიკის (66.9 მილიონით ნაკლები), საფინანსო (24.7 მილიონით ნაკლები).

რაც შეეხება დარგობრივ დანაწილებას, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სფეროში შევიდა (22,5%), მას მოსდევს ტურიზმის (17%), ენერგეტიკის (12,8%), დამამუშავებელი მრეწველობისა (11,5%) და მშენებლობის (8,4%) სექტორები.

2018 წელს ყველაზე მკვეთრად პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანიდან იკლო, საიდანაც 225 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოვიდა. 188.8 მილიონით ნაკლები შემოვიდა ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან კი რიცხვმა 43.7 მილიონით განიცადა კლება.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი - 19,5%
  • გაერთიანებული სამეფო - 16,5%
  • ნიდერლანდი - 13,6%
  • აშშ - 8,4%
  • პანამა - 6,1%
  • ჩეხეთი - 5,9%
  • ჩინეთი - 5,3%
  • კორეა - 5,1%
  • რუსეთი - 4,9%
  • სხვა ქვეყნები - 14,7%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

საქსტატში აცხადებენ, რომ შემცირებული ინვესტიციების ძირითადი მიზეზები მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ შემცირებული ვალდებულებებია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის თქმით, კლება განაპირობა ფაქტორებმა, “რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა და არცერთი მათგანი არ უკავშირდება რაიმე ფუნდამენტური რისკის რეალიზაციას ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას”.

საქსტატის მონაცემებს სავალალოს უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. “ევროპული საქართველოს” დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უცხოური ინვესტიციების კლება “პირდაპირი შედეგია ერთის მხრივ იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი მიმართულებით ხორციელდება და მეორეს მხრივ - უცხოურ ინვესტორებს არ აქვთ განცდა იმისა, რომ მათი ინვესტიცია საქართველოში და მათი ბიზნესი იქნება დაცული.”

გასული წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების “ნეგატიურ მხარეზე” საუბრობდა.

“უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაცა გაიტანოს აქედან არა? დივიდენდის სახით. ამაშია საქმე - ჩვენ რომ ძალიან დიდი რაოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს ვაგროვებთ, რაღაცა მომენტში, ის უცხოელები გატანას რომ იწყებენ დივიდენდების, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, ბალანსზე.” - ამბობდა გიორგი ქობულია.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და ის მომავალში შესაძლოა შეიცვალოს. დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები