ქურდობა

შსს: წალკაში, რესტორნის მეპატრონის გაქურდვისთვის 1 პირი დავაკავეთ

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული ი.ჩ., ქურდობის ბრალდებით, წალკაში დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 მარტს წალკაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც რესტორნის მეპატრონის კუთვნილი დიდი ოდენობით ფული გაიტაცა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, მოპარული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილს "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები