სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2018

საარჩევნო დარღვევები, კორუფცია და სხვა საკითხები - სახ. დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წელს მომხდარ დარღვევებს აღწერს. საქართველოზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს საარჩევნო დარღვევებს, კორუფციას, ანგარიშვალდებულების ნაკლებობას, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ დარღვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობას.

"ეუთო-ს დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების პირველი ტური კონკურენტული და პროფესიონალურად ჩატარებული იყო, თუმცა, მათ წამოწიეს საკითხები უთანასწორო გარემოსა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ. მათ ეს საკითხი მეორე ტურის შემდეგაც დააყენეს და აღნიშნეს, რომ კანდიდატებს ჰქონდათ თავისუფალი გარემო. თუმცა, ერთი მხარე სარგებლობდა უსამართლო უპირატესობით და პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ორივე მხრიდან წარმოებული კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა," - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

დოკუმენტში მოხვდა დამკვირვებლების მითითებები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, მედიის პოლარიზაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ოპოზიციის მიკერძოებული გაშუქება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა, გადადგას ნაბიჯები უფლებადარღვევების გამოსაძიებლად, ანგარიშვალდებულების ნაკლებობის თვალსაზრისით ჩავარდნები კვლავ რჩება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა კვლავ არავის დაკისრებია. გარდა ამისა, საუბარია პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევაზე, მაღალი დონის კორუფციასა და ლგბტ თემის წარმომადგენლების დაშინებასა და მათ მიმართ ძალადობაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზღუდება ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით, ეთნიკურად ქართველებისთვის. ადამიანებს არ ეძლევათ ხმის მიცემის, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების, ბიზნესის რეგისტრაციისა და მოგზაურობის უფლება. ხაზგასმულია, რომ გრძელდება "ბორდერიზაცია", მოსახლეობის საკუთარი თემისაგან და მიწებისაგან დაშორება და ე.წ. საზღვრიდან ადამიანების გატაცება და მკვლელობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები