კვარაცხელიას გადმოსვენება

ციხელაშვილი: ფაქტი შემზარავია, მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა

epn.ge

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯი ცხედრის თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენებაა, სადაც ექსპერტიზის პროცედურა დაიწყება.

„ადგილზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი მობილიზებული იყო - ჩემი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ გადმოცემის პროცედურისას გაზიარებული იქნა გარკვეული დოკუმენტაცია და მასალები, რომლის შინაარსის თაობაზეც ჯერ-ჯერობით ვერ მოგახსენებთ. ეს ყველაფერი, ცხადია, შესასწავლია. ასევე არ გვაქვს პირველადი ინფორმაცია, ეს მხოლოდ გადმობარების პროცედურა იყო. ასე რომ, ბევრ კითხვას პასუხი სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა. ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ გუშინ გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული. სუს-ი ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებდა.

კომენტარები