ყაზახეთი

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

ნურსულთან ნაზარბაევი
Reuters

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას აპირებს.

"გადაწყვეტილება მივიღე, რაც ჩემთვის მარტივი არ ყოფილა, რომ გადავდგე პრეზიდენტის პოსტიდან." თქვა მან.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი შეასრულებს.

78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკვე 28 წელია მართავს.

ნაზარბაევი კვლავ დარჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და სახალხო დემოკრატიული პარტია ნურ ოტანის ლიდერად, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს ნაზარბაევმა მთავრობა დაითხოვა. მან მინისტრები და ცენტრალური ბანკი არაეფექტურობის გამო გააკრიტიკა.

ნაზარბაევის თქმით სამთავრობო პროგრამები ხორციელდება, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან ადგილას კონკრეტული შედეგები არ არის.

მაშინ ნაზარბაევმა თქვა, რომ მთავრობამ ჯერ სესხების პრობლემა უნდა მოაგვაროს და შემდეგ უნდა გადადგეს, ხოლო ახალმა მთავრობამ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იმუშაოს.

კომენტარები