მარიხუანა

ძლიერმოქმედი მარიხუანა ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს

0 კომენტარი

ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მარიხუანის ხშირი და ძლიერმოქმედი ნაირსახეობების მოხმარება ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ჩამოყალიბების რისკს.

წარსულში, ექსპერტებმა გამოავლინეს კავშირი მარიხუანის მოხმარებასა და ფსიქოზს შორის ადამიანებში, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ ნარკოტიკს. ახალი კვლევის თანახმად, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ძლიერმოქმედია კანაბისის ჯიში. 

კვლევამ განსაზღვრა, რომ პირველად გამოვლენილ ფსიქოზურ აშლილობათა 30% სამხრეთ ლონდონში და ნახევარი ამსტერდამში ძლიერმოქმედი მარიხუანის მოხმარებასთანაა კავშირში. 

მსგავსი მარიხუანა შეიცავს დიდი ოდენობით ფსიქოაქტიურ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC), 10%-ზე ზემოთ და მცირე ოდენობით კანაბიდიოლს (CBD), რომელსაც ფსიქოზისგან დაცვა შეუძლია. 

კვლევის ავტორი, ფსიქიატრი დოქტორ მარტა დი ფორტი ამბობს: "თუ თქვენ გადაწყვეტთ ძლიერმოქმედი მარიხუანის მოხმარებას, გაითვალისწინეთ, რომ არის პოტენციური რისკი." 

კვლევის ფარგლებში, King's College London-ის მკვლევრებმა შეისწავლეს მარიხუანის მოხმარება ევროკავშირის 11 ქალაქში და ასევე ბრაზილიის ერთ რეგიონში. მათ შეისწავლეს ფსიქოზის 901 შემთხვევა და შეადარეს ის 1237 საკონტროლო ჯგუფს. მათ დააჯგუფეს მონაწილეების მიერ მოხმარებული მარიხუანის სიძლიერის მიხედვით და აღმოაჩინეს, რომ: 

1) მარიხუანის ყოველდღიური მოხმარება უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებსაც ფსიქოზის პირველი ეპიზოდი ჰქონდათ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 29.5% (266 შემთხვევა 901-დან) პაციენტებში, 6.8% ( 84 შემთხვევა 1237-დან) ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფში. 

2) ძლიერმოქმედი მარიხუანის მოხმარება უფრო მაღალი იყო ფსიქოზის პირველი ეპიზოდის მქონე პაციენტებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. 37.1% (334/901) VS 19.4% (240/1,237).

3) ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ მარიხუანას, სამჯერ უფრო მეტია ალბათობა, რომ პირველი ფსიქოზური ეპიზოდის დიაგნოზს დაუსვამენ, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც მარიხუანას არასდროს მოიხმარს. ეს რისკი ხუთჯერ უფრო მაღალია, თუ ყოველდღიურად მოიხმართ ძლიერმოქმედ მარიხუანას. 

4) არ არის მტკიცებულება, რომ კვირაში ერთზსე ნაკლებჯერ მარიხუანის მოხმარება კავშირშია ფსიქოზთან. 

კვლევის ავტორების მტკიცებით, ფსიქოზის ხუთიდან ერთი ახალი შემთხვევა (20.4%) მარიხუანის ყოველდღიურ მოხმარებასთანაა კავშირში, ათიდან ერთი(12.2%) კი ძლიერმოქმედი მარიხუანის მოხმარებასთან. 

ლონდონში, ფსიქოზის ახალი შემთხვევების დაახლოებით მეხუთედი (21%) მარიხუანის ყოველდღიურ მოხმარებასთანაა კავშირში, დაახლოებით მესამედი (30%) კი ძლიერმოქმედ მარიხუანასთან. 

"არ არსებობს ეჭვი, რომ ძლიერმოქმედი მარიხუანა, უფრო მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე ტრადიციული მარიხუანა ან ჰაშიში" - ამბობს ფსიქიატრი, რობინ მიურეი. 

კვლევის შედეგები ზუსტი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა. შესაძლებელია, რომ პირიქით იყოს, ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან ფსიქოზისკენ უფრო ხშირად მოიხმარდნენ მარიხუანას. ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის აბსოლუტური მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელია. გაცილებით მარტივია,მაგალითად, თამბაქოს მავნებლობის დადასტურება, ვინაიდან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გადამოწმება თაგვებზეა შესაძლებელი, რომლებსაც სიმსივნე ემართებათ, მაგრამ თაგვში ფსიქოზის ამოცნობა შეუძლებელია. 

"როცა ვაწყდებით სიტუაციას, როცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განსაზღვრა არ შეგვიძლია, უმჯობესია უფრო უსაფრთხო გზა ავირჩიოთ, ვიდრე რისკიანი."- ამბობს King’s College London-ის კანაბისის მკვლევარი ამირ ენგლუნდი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები