ბოკუჩავა: ჩემი კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, წულუკიანი მის გარეგნობას ხაზს არ გაუსვამდა

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა მის მიმართ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის რეპლიკას პასუხობს, რომელმაც დეპუტატის კითხვის პასუხად მედიასთან თქვა, რომ "თინა ბოკუჩავა ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და, ამავდროულად, ძალიან ლამაზი ქალია". 

ბოკუჩავა ამბობს, რომ თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იგივე კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, იუსტიციის მინისტრი მის გარეგნობაზე აქცენტს არ გააკეთებდა. 

"გავიგეთ, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს იგივე შინაარსის კითხვა რომ კაც დეპუტატს დაესვა, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას იმ დეპუტატის გარეგნობაზე," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავამ 20 მარტს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენდნენ, წულუკიანს ჰკითხა, რითი დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღით ადრე პირდაპირი ეთერით, როდესაც მან თქვა, რომ თუკი რაღაც ისე არ იქნება, როგორც მას სწორად მიაჩნია, ის თანამდებობას დატოვებს. მაშინ წულუკიანი არ გადადგა. 

"ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების. ეს ბინძური საქმეები არის რუსთავი2-ის ხელში ჩაგდება, ძალიან ბუნდოვან ვითარებაში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება... სწორედ ამიტომ, ის თავს უფლებას აძლევს, რომ ღია ეთერში აშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი,"- ამბობს ბოკუჩავა. 

თეა წულუკიანმა სესიაზე ბოკუჩავას კითხვა ერთხელ გამოტოვა, ხოლო მეორედ არ უპასუხა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბოკუჩავა ლამაზი ქალია. 

"მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს კიდეც ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები?" - უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 

თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში 20 მარტს, დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ის დღესაც გაგრძელდება. 

კომენტარები